ადამიანები, ვინც ახლა უნდა იკითხებოდნენ, ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძეა - თაზო დათუნაშვილი

04.09.26 12:50
 ადამიანები, ვინც ახლა უნდა იკითხებოდნენ, ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძეა - თაზო დათუნაშვილი

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს.

სასამართლოში შესვლამდე დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე ჯორბენაძისა და მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავადაც ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გამოქვეყნებული წერილიდან მიიღო. მისი თქმით, გამოძიებას სწორედ იმ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, რაც ყოფილი პრემიერის საჯარო განცხადებიდან შეიტყო.

„ვუსამძიმრებ ლაზარე ჯორბენაძის ოჯახს ამ ამბავს, მაგრამ მე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებისა და მისი მოღვაწეობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე. შემიძლია გამოძიებას ის ინფორმაცია მოვაწოდო, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე. ირაკლი ღარიბაშვილის, კობახიძის, „ქართული ოცნების" შიდა კრიმინალური "კლანების" დაპირისპირებას ყოველთვის პასუხს გავცემ და ყოველთვის გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, საკმაოდ მწვავედ. ქართული საზოგადოება ღირსია იცოდეს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში აბსოლუტურად ყველაფრის ფასი იმატებს, მაშინ, როდესაც მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველდღიურად ღარიბდება, ხელისუფლებას არ აინტერესებს მათი ბედი, არ აინტერესებს ის, თუ როგორ ცხოვრობენ, აინტერესებს მხოლოდ ეს შიდა „კლანური" დაპირისპირება და ბინძური „კანიბალიზმი", რომლითაც დაკავებული არიან",- განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილის შეფასებით, გამოძიების კითხვები პირველ რიგში იმ პირების მიმართ უნდა არსებობდეს, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში ფიგურირებენ. მისი თქმით, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოქმედი პრემიერის მისამართით კონკრეტული ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მძიმე ეჭვებზე საუბრობს, ეს საზოგადოებისთვის პასუხგასაცემ კითხვებს აჩენს.

„ეს არ არის მორიგი წერილი, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა ბევრი დაწერა, რაც უინტერესო და ძირითადად კომიკური შინაარსის იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ქართული საზოგადოებისთვის საყურადღებოა, რადგან სიმართლე უნდა იცოდეს. ის ადამიანები, ვინც ახლა უნდა იკითხებოდნენ, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკითხა და თურმე არაფერი ხდება, ასევე, ესენი არიან კობახიძე და მდინარაძე, რომლებიც ამ განცხადებაში არიან. მე გავაკეთე ამ განცხადებაზე პოლიტიკური კომენტირება, ეს ახლაც გავაკეთე და მომავალშიც გავაკეთებ",-განაცხადა დათუნაშვილმა.

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

მსგავსი სიახლეები