პროკურორი გადაჭრით არ პასუხობს კითხვას, დაკითხავენ თუ არა კობახიძე-მდინარაძეს
ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილის შემდეგ დაწყებული გამოძიების პროკურორის, მედეა ცირამუას განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ყველა პირი დაიკითხება, ვინც შესაბამის საქმესთან შემხებლობაში იქნება. ამის შესახებ პროკურორმა "პირველების" კითხვის, გამოიკითხებიან, თუ არა ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, მედეა ცირამუას მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან გამომდინარე საჯარო სივრცეში განცხადებები გააკეთეს და სწორედ ამიტომ დაიკითხნენ.
მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფაქტზე. სხვა დანაშაულებთან მიმართებაშიც, აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, მას რაიმე სახის ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსთვის არ მიუწოდებია. მას ჰქონდა შესაძლებლობა როგორც ეპასუხა შეკითხვებზე, ასევე შეკითხვებს მიღმა რაიმე ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობაც. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმას, რომ ის იყო კატეგორიული, რომ არანაირი სახის ინფორმაციას არ ფლობს ამასთან დაკავშირებით.
გამოძიება გრძელდება, თუკი ვინმეს გამოკითხვის საჭიროება იარსებებს, საგამოძიებო ორგანო შესაბამისად გამოკითხავს მას. გამოძიება გრძელდება და შესაბამისად ყველა პირი, ვინც იქნება შემხებლობაში, გამოიკითხება.
გარკვეულ პირთა წრის მიერ, მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული საჯარო ინფორმაციის გავრცელება სწორედ საჯარო სივრცეში. ამ პირებმა, რომლებიც საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხნენ და რომლებიც დღეს მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ, გააკეთეს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან გამომდინარე განცხადებები," - განაცხადა მედეა ცირამუამ.
საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.