"ოცნება" ღარიბაშვილს დაუპირისპირდა - ივანიშვილის გუნდში ფიქრობენ, რომ ექსპრემიერი "რევოლუციურ სცენარში" გარკვეული წვლილის შეტანას ხდილობს
"ქართული ოცნების" გუნდში ფიქრობენ, რომ დაკავებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები "საერთო რევოლუციურ სცენარში" გარკვეული წვლილის შეტანის მცდელობაა.
ივანიშვილის გუნდის წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ "პოლიტიკური ქოლგის ქვეშ უფრო მეტი რესურსი ექნება და იქნებ ე.წ. პოლიტიკურ პატიმართა სიაში ჩაეწეროს".
ვერ ვიტყვი რომ ეს უცებ წამოყრანტალებული თემაა, შესაძლოა, ვუშვებ და ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ეს არის მცდელობა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რომ შემდეგ იქნებ მის მიმართ რაღაც შეღავათი იქნეს დაშვებული. ან მეორე, უფრო პრიმიტიული - შეიძლება ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ უფრო მეტი რესურსი ექნება, რომ ყურადღება მიაქციონ და იქნებ იმ ე.წ. პოლიტიკურ პატიმართა სიაში ჩაეწეროს. სხვა ამას ახსნა არ აქვს. დარწმუნებული მინდა ვიყო იმაში და ვერ წარმომიდგენია სხვანაირად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ალბათ ამ მძიმე მდგომარეობაში არსებობს და ალბათ ისარგებლა ვიღაცამ და ცდილობს, რომ შეცდომაში შეიყვანოს," - ამბობს გია ვოლსკი.
"ქართული ოცნების" წევრის, ლევან მახაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება "უფრო ჭორაობას ჰგავს" და ფუჭი, ცარიელი სიტყვებია.
გუშინდელმა გამოკითხვამ, პროკურატურის მიერ გამოკითხვას ვგულისხმობ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რასაც ეს ადამიანი საუბრობს, ეს არ არის საუბარი, ეს უფრო ჰგავს ჭორაობას, ფუჭი, ცარიელი სიტყვების გასროლას. ერთ მხარეს არიან კონკრეტული მოწმეები, კონკრეტული მტკიცებულებები, მისი უშუალო გარემოცვის წევრები თავის დროზე, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი, რომლებიც მას ადებენ ხელს ჩადენილ დანაშაულზე, ახალ დანაშაულზეა საუბარი, თორემ წინა დანაშაული, რის გამოც იგი იხდის სასჯელს, მან თავად აღიარა, თავად დაადასტურა ეს ჩადენილი დანაშაული, მეორეს მხრივ არის მისი სიტყვები, რომელსაც ხან პროკურატურა ცდილობს რომ გადაამოწმონ, აგერ თქვენც ცდილობთ, ჯერჯერობით კონკრეტული მტკიცებულება არ მოგვისმენია, გარდა ფუჭი ბრალდებებისა," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.