ინაშვილი გარეჯის საკითხზე მდინარაძე-კობახიძის გამოკითხვას ითხოვს
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვის შემდეგ ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას კობახიძისა და მდინარაძის დაკითხვა მოსთხოვა. მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ დაინტერესდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჯორბენაძის „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემული ინტერვიუთი, რომელშიც უფლებადამცველი დავით გარეჯის საკითხზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ არსებობდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაფორმებული საიდუმლო დოკუმენტი.
ინაშვილი ჯორბენაძის ამ განცხადებებსა და მის შემდგომ გარდაცვალებას შორის გარემოებების შესწავლას ითხოვს.
ჩემს ჩვენებაში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ გამოქვეყნდება, "არ ვიცი, არ ვიცი" არ წერია, მინდა, რომ ეს პიარ-ხრიკი დავუნგრიო "ქართული ოცნების" უნიჭო პიარ-მენეჯერებს და ვთქვა, რომ ამ ჩვენებაში წერია ზუსტად ის, რაც მე უკვე ვთქვი. მე ვითხოვ გამოძიებას და ამ ჩვენებაშიც ეს არის ასახული, ირაკლი ღარიბაშვილის მეხუთე წერილის პირველ ეპიზოდზე, ანუ მდინარაძე-კობახიძემ შეუგზავნა მას თებერვალში ასავალ-დასვალი გაზეთი. ვითხოვ, დაიკითხოს ეს ხალხი, ვინც შეუგზავნა ეს, ვითხოვ დაიკითხოს მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე და არის სერიოზული კითხვა, რატომ იყო მათთვის ასე შემაშფოთებელი ინტერვიუ "ასავალ-დასავალში", სადაც ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა გარეჯის საკითხზე. იქ ყვება, რომ კონკრეტულ დანაშაულს აქვს ადგილი, პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა გრიფით საიდუმლო დოკუმენტს და საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ მოხდა დავით გარეჯის დათმობა, ტერიტორიების, მისი განმარტებით. ის ამბობდა, რომ ეს გრიფით საიდუმლო დოკუმენტი ნანახი აქვს და თქვენ არ გიჩნდებათ კითხვა, ასეთ ინტერვიუს რომ მისცემს უფლებადამცველი და შემდეგ რომ გადის რაღაც პერიოდი და თავს იკლავს, ეს როგორ ხდება?, - ამბობს ირმა ინაშვილი.
საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.