ვიქტორ ყიფიანი ფიქრობს, რომ "ოცნების" შიგნით "გარჩევები კიდევ უფრო გამძაფრდება"

05.09.26 11:54
ვიქტორ ყიფიანი ფიქრობს, რომ "ოცნების" შიგნით "გარჩევები კიდევ უფრო გამძაფრდება"

პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გავრცელებული წერილების შემდეგ, "ოცნების" შიგნით "გარჩევები კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება". 

ყიფიანი ვარაუდობს, რომ ივანიშვილის გუნდში ახლა ძალთა გადანაცვლებები დაიწყება. 

ველოდები უფრო მეტად შიდა გარჩევების გამძაფრებას. მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის გადმოსახედიდან ჩემს, თქვენს ინტერესებს და ქართული საზოგადოების, ალბათ ამ გარჩევას ნაკლები გავლენა ექნება, ვინაიდან საუბარი იქნება ძალთა გადანაცვლებაზე ისევ გუნდის შიგნით, მაგრამ მთლიანობაში, ამაზე მეტ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ამის მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიური ფონის შექმნაა, თორემ შორს მიმავალ სამართლებრივ შედეგებზე საუბარი ალბათ ვერ იქნება", - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.