ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ მდინარაძე შესაძლოა არა მოწმის, არამედ ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხონ

05.09.26 17:21
ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ მდინარაძე შესაძლოა არა მოწმის, არამედ ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხონ

"ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი, ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძე შესაძლოა არა მოწმის, არამედ ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხონ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ თუ პრემიერი მალე უნდა წავიდეს თანამდებობიდან, მასაც მოუწიოს  ღარიბაშვილის წერილებზე და იქ გამოთმულ მოსაზრებებზე პასუხების გაცემა. 

მაინც არ აცდებათ ამ ადამიანებს საგამოძიებო პროცესში მონაწილეობის მიღება - ვგულისხმობ ხელისუფლების წარმომადგენლებს. არ ვიცი, იქნება თუ არა მათ შორის ირაკლი კობახიძე, მხოლოდ იმიტომ, რომ მოქმედი პრემიერია. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, იქიდან გამომდინარე, რომ მას არანაირი თანამდებობა აღარ უკავია და შეიძლება ითქვას, რომ გავლენები არ აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ მას მოუწევს ჩვენების მიცემა ამ საკითხთან დაკავშირებით.  

თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ კიდევ ერთი სანახაობა სჭირდება, არ გამოვრიცხავ, რომ არა მხოლოდ ჩვენება მისცეს მდინარაძემ, არამედ შესაძლოა, ცოტა შორსაც წავიდნენ. ცოტა შორ-ში ვგულისხმობ, ხომ არ დაინტერესდებიან არა როგორც მოწმით, არამედ როგორც ეჭვმიმატილით ამ ადამიანების. თუმცა, თუ კობახიძეც მალე უნდა წავიდეს პრემიერობიდან, არ გამვრიცხავ, რომ შეიძლება შემდეგი ადამიანი, ვისაც მოუწევს ღარიბაშვილის წერილებზე და იქ გამოთმულ მოსაზრებებზე პასუხების გაცემა, იყოს კობახიძე".  - განაცხადა ანი მიროტაძემ. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

მსგავსი სიახლეები