დათუნაშვილი: გამოსაკითხ პირთა სიაში კობახიძე და მდინარაძეც უნდა შევიდნენ

06.09.26 11:24
დათუნაშვილი: გამოსაკითხ პირთა სიაში კობახიძე და მდინარაძეც უნდა შევიდნენ

"ძლიერი საქართველოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის გამოკითხვაც აუცილებელია. მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შემდეგ განვითარებული მოვლენები „ქართულ ოცნებაში“ არსებულ მწვავე შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდში „შიშსა და პანიკაზე დაფუძნებული ვითარებაა“.

 

გამოსაძიებელია და დასაკითხ პირთა სიაში აუცილებლად უნდა შევიდნენ მდინარაძე-კობახიძე. აგერ, ქალბატონი კილაძე იძახის კიდევ რაღაცა ინფორმაცია მაქვსო. ვინმეს რამეს გამოძიება რომ უნდოდეს, ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ გამოიძიონ.

ამის მიღმა ჩანს ერთი ძალიან მძიმე ამბავი. ეს ამბავი არის, რომ საქართველოში დამყარდა დიქტატურა, სადაც პოლიტიკოსებს იმის გამო იბარებენ ძალოვან სტრუქტურებში ჩვენ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ და "ქართულ ოცნებაში" არის კატასტროფული, შიშზე, პანიკაზე დაფუძნებული ვითარება, სადაც ორი კრიმინალური კლანი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან შებმულები და დიდი სისხლისღვრაა "ქართულ ოცნებაში". ეს არის ბიძინა ივანიშვილის სისუსტე, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის სისუსტე. ეს პოლიტიკური ძალა ინგრევა, ლპება შიგნიდან, როგორც ეს იყო მოსალოდნელი და ეს ყველაფერი ძალიან კარფგად უნდა ესმოდეს ქართველ ხალხს და ეს იცოდეს. ვირთხები გადიან გემის ჩაძირვის პროცესიდან, - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.