ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გამოიკითხა - რას ამბობს ზაზა დავითაია

06.09.26 13:45
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გამოიკითხა - რას ამბობს ზაზა დავითაია

 

 

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაიაც გამოკითხა. დავითაია, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისი ჩვენებით, რადგან ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. დავითაიას შეფასებით, საქმეზე უფრო მეტი სათქმელი იმ პირებს უნდა ჰქონდეთ, რომლებიც იმ პერიოდში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ან სახელმწიფო სტრუქტურებში დღემდე მუშაობენ.

პირადად მე რატომ დამიძახეს ახლა, ხომ გაინტერესებთ? იმიტომ, რომ ფეისბუქზე გამოვაქვეყნე პოსტი. მე ფეისბუქზე გამოვაქყნე პოსტი როგორც მოქალაქემ, როგორც მამულიშვილმა, რომელსაც კითხვები მრჩება გარეჯის დღევანდელ სტატუსთან დაკავშირებით. გამომძიებელს თავშივე განვუცხადე, რომ თუ თქვენ სიკვდილის გარემოებების გამოძება გნებავთ, მაშინ მოწმედ მე არ უნდა ვიყო დაბარებული.

სიკვდილის გარემოება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და პირველ რიგში, ბადებს კითხვას იმასთან დაკავშირებით, მართლაც ხომ არ არის ეს ადამიანი ლიკვიდირებული. აქ იკვეთება პოლიტიკური ფაქტორები. იკვეთება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ყოფილი პრემიერი ციხეში ალაპარაკდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თურქულ-აზერბაიჯანული ვექტორის დომინაციები გაჩნდა და მას ის შეეწინააღმდეგა და ამ ყველაფრის შედეგად შეიძლება, ჩაითვალოს, ერთ-ერთ სეგმენტყად შეიძლება, ჩაითვალოს ლაზარე იგივე ზურაბ ჯორბენაძს სიკვდილი. აქედან გამომდინარე, ეს ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული და არა იმაში, რომ ვთქვათ, ადამიანს ფსიქიკური შერყეულობა დააბრალო და თქვა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. 

გამოძიება წასულია ან გამიზნულად არასწორი მიმართულებით, ან ასე სურთ, რომ ასეთი შედეგი წინასწარ მათთის ცნობილია, რაც უნდა დადონ.

ასეთ შემთხვევაში, მემგონი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ გააკეთოს ორი განცხადება: პირველი, რომ დავით გარეჯი, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, იყო, არის და იქნება ქართული მიწა. არანაირი საიდუმლო გარიგება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს და მეორე, რომ ზურა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და მის უმაღლეს პირებს არ გააჩნიათ არანაირი კავშირი. საქმეც იმაშია, რომ ხელისუფლებას ეს განცხადებები არ გაუკეთებია, - ამბობს დავითაია. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

 

მსგავსი სიახლეები