„საქართველოს სასამართლო მას, ფაქტობრივად, სიკვდილით სჯის“ - ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ მიხეილ ტიმოფეევს რუსეთში საფრთხე ელოდება

06.09.26 17:46
„საქართველოს სასამართლო მას, ფაქტობრივად, სიკვდილით სჯის“ - ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ მიხეილ ტიმოფეევს რუსეთში საფრთხე ელოდება

ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორის თანაშემწეს, მიხაილ ტიმოფეევს, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში სასჯელის მოხდა იმ ციხეში ემუქრება, სადაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს. „პირველებთან“ ინტერვიუში ტიმოფეევის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ 60 წლის კაცის რუსეთისთვის გადაცემა დაუშვებელია, რადგან ის სამშობლოში პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

მისივე თქმით, ტიმოფეევისთვის რუსეთში პატიმრობა შესაძლოა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ თბილისის სასამართლომ მისი პოლიტიკური დევნის შესახებ არსებული გარემოებები უგულებელყო და ექსტრადირების გადაწყვეტილებას „ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს“ უწოდებს.

საქართველოს სასამართლო მას, ფაქტობრივად, სიკვდილიტ სჯის ამ გადაწყვეტილებით. ევროკონვენციის ყველა მოთხოვნა დაარღვია საქართველომ. ამ ყველაფრის იგნორირება შეუძლებელია. პირდაპირ გეუბნებით, ტიმოფეევისთვის რუსეთში დაბრუნება კი არა, ზოგადად, პატიმრობა სიკვდილის ტოლფასია, რადგან მას ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა აქვს. ის არის შეზრუდული შესაძლებლობების ადამიანი. მას რუსეთში გადაყვანის შემდეგ იმ ციხეში მოათავსებენ, სადაც ნავალნი სასიკვდილოდ მოწამლეს. საქართველომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი რუსეთის მიერ. თითქოს განგებ საქართველოს შესაბამის უწყებებს, მათ შორის სასამართლოს, არ სურთ, რომ ეს გაიგონ და გაითვალისწინონ. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ვაცნობებთ სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ არა მხოლოდ ტიმოფეევის, არამედ პურგალის და მთელი ამ ჯგუფის დევნა, პოლიტიკური დევნაა. მას რუსეთი დანაშაულის ჩადენას კი არ ედავება, არამედ ის ძებნილად გამოცხადებულია მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო, - ამბობს ტიმოფეევის ოჯახის ახლობელი. 

რუსეთის საგამოძიებო უწყებები საქართველოში პატიმრობაში მყოფ ტიმოფეევს დაახლოებით 20 წლის წინ ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან. მის ექსტრადირებას თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე მისცა თანხმობა, თუმცა დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. 

მსგავსი სიახლეები