ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ ექს-მაღალჩინოსანს საპროცესოს მთავარ საქმეზეც გაუფორმებენ
პროკურატურა თავდაცვის ექს-მინისტრს საპროცესო გარიგებას უფორმებს - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში სხდომა უნდა დაიწყოს, სადაც ეს შეთანხმება ოფიციალურად უნდა გაფორმდეს. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი იხილავს.
3 წელი რეალური სასჯელი, 2 პირობითი და მილიონი ლარის ჯარიმა - ასეთია პირობები, რაზეც ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს დათანხმდა.
მსჯავრდებული ყოფილი მინისტრის ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას მთავარ საქმეზეც (ჯარის ძარცვის საქმე) გაუფორმებს, სადაც მას 10 წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.
ერთი წელია რაც ზის, საპროცესო შეთანხმების შესახებ ყველაფერი წერია პროკურატურის განცხადებაში. არამგონია ამის წინააღმდეგი იყოს ვინმე.
10 წელი სადაც აქვს მისჯილი, მთავარ საქმეზე ჯერ არ ყოფილა გაფორმებული შეთანხმება. მაგ განცხადებაში არ არის ნათქვამი ყოველი შემთხვევისთვის. გაფორმდება დღეს საპროცესო და გეტყვით... ამ საქმეზე განსხვავევბული პირობის მოთხოვნას რა აზრი აქვს. კი ბატონო (მაქვს მოლოდინი, რომ აქაც სამ წელზე შევჯერდებით).
ჯუანშერ ბურჭულაძე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება. ეს რომ სდომოდა (რარიბაშვილზე ჩვენების მიცემა) ერთი წლის წინაც გააკეთებდა. დანარჩენი დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ", - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.
თუ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჯარის ძარცვის საქმეზეც სამწლიან საპროცესოს გაუფორმებენ, გამოდის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ციხის კარი 2 წელში გაიღება. თუმცა არსებობს სხვა მექანიზმებიც - მაგალითად, ნახევარი წლის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეუძლია, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას სთხოვოს, რომ მისი საკითხი განიხილონ და შესაძლოა უდოს საფუძველზე გათავისუფლდეს. ასევე არსებობს შეწყალების მექანიზმიც.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თავადაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. საპროცესო თანხმდება ფორმდება ექს-მინისტრის ნათესავთან, ვასილ მხეიძესთან.
უფრო კონკრეტულად, გიორგი გვარაკიძის უწყებამ ბურჭულაძეს, სამედიცინო აპარატურის შეძენის საქმეზე, ქრთამის აღების ბრალდება დაუმატა, თუმცა ამ კონკრეტულ საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება.
"ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღება, პროკურატურა ამბობს, რომ ვასილ მხეიძე, ქრთამის აღებაში დახმარებას უწევდა ნათესავს.
რაც შეეხება საპროცესო პირობებს, ახალ საქმეზე თავდაცვის ექს-მინისტრს სამი წლით ციხეში ყოფნა და მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს:
- საქმე ეხება ეპიზოდს, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ირაკლი ღარიბაშვილსაც ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენებაში დაწერა, რომ ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძისგან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.