ევროკავშირი საქართველოს ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს და ქვეყანაში მზარდ რეპრესიებზე საუბრობს
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ბრიუსელი ასევე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომების გამო.
საქართველოს შესახებ განცხადება ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე, ევროკავშირის სახელით გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩმა და მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიკელე ჩერვონე დ’ურსომ გააკეთა.
"ევროკავშირი საქართველოს შეახსენებს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას და მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ძირს უთხრის. ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების მიღებით. ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიაში დასაქმებული პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პატიმრობას. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს, საკუთარი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად." - ნათქვამია განცხადებაში საქართველოს შესახებ.