პროკურორი ადასტურებს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესთან მთავარ საქმეზე საპროცესოს შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
პროკურორი ანი ლეკიაშვილი ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც სახელმწიფო მბრალმდებელი განმარტავს, ამ ეტაპზე, კონკრეტული პირობები მიღწეული არ არის.
სხდომა სააპელაციო სასამართლოში 28 სექტემბერს არის ჩანიშნული.
სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესი 28 სექტემბერს. დღეის მდგომარეობით, დაცვის მხარესთან ნამდვილად მიმდინარებს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. კონკრეტული პირობები არ არის მიღწეული. შედეგებზე რა თქმა უნდა, მოგვიანებით გეცნობებათ. თუ სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, რა თქმა, უნდა, იგივე სასჯელები იქნება ძალაში დატოვებული,“ - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა „გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
- ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
- რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
თუ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჯარის ძარცვის საქმეზეც სამწლიან საპროცესოს გაუფორმებენ, გამოდის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ციხის კარი 2 წელში გაიღება. თუმცა არსებობს სხვა მექანიზმებიც - მაგალითად, ნახევარი წლის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეუძლია, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას სთხოვოს, რომ მისი საკითხი განიხილონ და შესაძლოა უდოს საფუძველზე გათავისუფლდეს. ასევე არსებობს შეწყალების მექანიზმიც.