პაპუაშვილი ბრიუსელს „ცრუ ნარატივის“ გავრცელებასა და „რევოლუციური სცენარის“ მხარდაჭერებაში ადანაშაულებს
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე უკვე ტელეკამერების წინაც ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელის შეფასებებს კვლავ „ცრუ ნარატივს“ უწოდებს და ევროკავშირს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი საქართველოში დამარცხებული „რევოლუციური სცენარის“ მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული შეფასებები „ცილისწამებაა“.
„აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის, სხვა ქვეყნის თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს და ეს არის ცილისწამება. ამ საკითხს სოცმედიაში ასევე გამოვეხმაურე. ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული. ვერ გამოდის იმ ნარატივიდან, რომელიც 2 წლის წინ საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ შეეცადნენ, რომ თავს მოეხვიათ საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა პოლიციის მოქმედებები. ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ყველა საკითხი გამოძიებულია. განაჩენები დამდგარია. ჩვენ ვნახეთ 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა, სადაც ყველა ეს დანაშაული აღიარებულია. ახლა ისევ კვლავ ამ ცრუ ნარატივზე მოჭიდება აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი „ხავსს ეჭიდებიან“ და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა, ამიტომ, უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან. უპირველეს ყოვლისა, უარი უნდა თქვას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე. მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენ კვლავ გვესმის საქართველოს წინააღმდეგ ამგვარი რიტორიკა. ასევე, უარი უნდა თქვას საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე. საღ აზრს ეწინააღმდეგება ის, როგორც ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში იქცევა, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით. ასე, რომ ყველა ცრუ განცხადება ევროკავშირის მხრიდან იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან, ჩვენი მხრიდან მხილებული იქნება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს მიდის და 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის ნაწილს ბრიუსელს აკისრებს. მისი მტკიცებით, აქციის მონაწილეები სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებმა წაახალისა.
„ჩვენ ვხედავთ „გაღმა შემოდავებას“ ევროკავშირის მხრიდან და ამ ყველაფერს ჩვენი პასუხი ექნება. მეორე, ეს ადამიანები ბარიკადებზე სწორედ ბრიუსელის წაქეზებით ავიდნენ. გახსოვთ თქვენ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა, როდესაც ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას.ეს იყო ვირტუალური „მწვანე შუქი“ მათთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის. შეგახსენებთ, დღემდე ბრიუსელის არცერთ წარმომადგენელს, არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს დღემდე საჯაროდ არ დაუგმიათ 4 ოქტომბრის ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. შედეგად, ჩადენილ იქნა დანაშაულები, ადამიანები მოხვდნენ ციხეში იმის გამო, რომ წააქეზეს და ბარიკადებზე აიყვანეს, შემდეგ კი ისინი ციხეში მიატოვეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის მწვავე განცხადებებს წინ უძღოდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, მიშელ სერვონე დ’ურსოს გამოსვლა. მან საქართველოს ხელისუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულება შეახსენა და ბოლო პერიოდში მიღებული იმ კანონების გაუქმების ან არსებითად გადახედვისკენ მოუწოდა, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებზე: