პაპუაშვილმა მზია ამაღლობელს "ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი" უწოდა
მზია ამაღლობელის საქმეზე ხელისუფლების პოზიციას პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ იცავს და ამჯერად ამტკიცებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებში ჟურნალისტის უდანაშაულობაზე საუბარი აღარ არის.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამაღლობელის პატიმრობაში დარჩენაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას, ბრიუსელსა და უცხოელ დიპლომატებს აკისრებს.
პაპუაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელი „ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარია“. ამავე კონტექსტში მან 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალადობის საჯაროდ დაუგმობლობით ბრიუსელმა დაკავებულები „მიატოვა“.
“დღემდე ბრიუსელის არც ერთ წარმომადგენელს, არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს საჯაროდ არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ამის შედეგად ჩადენილ იქნა ძალადობრივი დანაშაულები. ადამიანები ციხეში იმის გამო მოხვდნენ, რომ წააქეზეს, ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ციხეში მიატოვეს. სწორედ ამ უსინდისობის პატიმარია დარჩენილი 70 ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია ის, რომ სჯობს საკუთარ ქვეყანას ენდო, ვიდრე უცხო სახელმწიფოს. სწორედ შიდა და გარე, მათ შორის ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან ისინი, ვინც დღეს პატიმრობაში რჩებიან.
როდესაც მზია ამაღლობელზე ვსაუბრობთ, დააკვირდით, რომ მსოფლიოში აღარავინ არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო. ფაქტია, რომ დანაშაული ჩაიდინა. შეხედეთ, დააკვირდით ყველა განცხადებას, რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება, მათ შორის ევროკავშირის და სხვა ინსტიტუციების მხრიდან. არსად აღარა არის საუბარი, რომ მან დანაშაული არ ჩაიდინა. საუბარია იმაზე სასჯელი რამდენად პროპორციული და მკაცრი იყო. აღარავინ არ ამბობს, რომ უდანაშაულოა. ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რომ აღარავინ არავისთან მათ უდანაშაულობას აღარ ამტკიცებს, არც საქართველოს ხელისუფლებას უმტკიცებს ვინმე, რომ უდანაშაულოები არიან და არც საჯაროდ აღარ ამტკიცებს, რომ უდანაშაულოები არიან. დანაშაული იქნა ჩადენილი!
რაც შეეხება სასჯელებს და რაც შეეხება პატიმრობებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის, ვინც საკუთარ დანაშაულს გაიაზრებს, ვინც ითანამშრომლებს გამოძიებასთან თუ სასამართლოში, ის, ვინც გაიაზრებს, რომ ძალადობით საქართველოს წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება, მის მიმართ ჰუმანური და ადეკვატური დამოკიდებულება იქნება. დადასტურდა, რომ იქ, სადაც საპროცესო შეთანხმების სურვილი იყო, სადაც იყო აღიარება, პროკურატურა შემხვედრ ნაბიჯებზე წავიდა და ეს ადამიანები დღეს გარეთ არიან. სადაც იყო დანაშაულის აღიარება და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვა, პრეზიდენტი შემხვედრ ნაბიჯზე წავიდა და ეს ადამიანები დღეს გარეთ არიან. ვინც ციხეში რჩებიან, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები არიან.
დღეს აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა დანაშაული არ ჩაიდინა. რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! ზოგიერთებს საჯაროდ ამის თქმა არ უნდა - მზია ამაღლობელი არის ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი.
მზია ამაღლობელს ყველაზე მცირე სასჯელი შეეფარდა, რაც კი მას სასამართლოს მიერ შეიძლება შეფარდებოდა. მზია ამაღლობელისთვის შეთავაზებული იყო საპროცესო შეთანხმება. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ - ის, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა, რასაც დღეს ყველა ამბობს, რომ ეს იყო დანაშაული. მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო დანაშაული და ეს ქცევა იყო არასწორი, მაგრამ იმით, რომ სასამართლო პროცესებზე დასხდნენ ელჩები, მზია ამაღლობელი ამ ელჩების უსინდისობის პატიმარია, ვინც სასამართლოზე დაუჯდა, თვალში უყურებდა და ამით ანიშნებდა - იჯექი, არ აღიარო! ეს იმ ხალხის ბრალია, ვინც მზია ამაღლობელს პრემიებს აძლევდა და ამით ეუბნებოდა - არ აღიარო, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული, იჯექი!
ნახეთ ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატებში გაკეთებულ განცხადებები, სადმე თუ წერია, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და მან დანაშაული არ ჩაიდინა!“ - განაცხადა დღეს შალვა პაპუაშვილმა.