ოთარ ფარცხალაძე დასავლეთის სანქციებში მოხვედრით ამაყობს: „ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებული ორდენივითაა“
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში შექმნილ საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფ „გეორგიევსკის“ მეთაურობს და რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა, დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით ამაყობს. ამის შესახებ მან რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-ს განუცხადა.
ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი იყო - სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, მკაცრი პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი. მე ორჯერ შემიყვანეს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიებში. მაგრამ ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებული ორდენივითაა, - განაცხადა მან.
ფარცხალაძე ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შემდეგ განზე დგომა არ შეეძლო და გადაწყვიტა, დახმარებოდა როგორც რუს სამხედროებს, ისე დონბასისა და უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების მცხოვრებლებს.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან უშუალოდ თანამშრომლობის გადაწყვეტილება 2025 წლის 9 მაისის გამარჯვების აღლუმზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის შემდეგ მიიღო.
უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2025 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მიწვევის შემდეგ მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და მოხალისეთა კორპუს „არბატის“ შემადგენლობაში სამსახური დავიწყე, სადაც ცხრა თვე ვიმსახურე. ხოლო „არბატში“ სამსახურის დასრულების შემდეგ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“, - აღნიშნა მან.
ფარცხალაძის განცხადებით, „გეორგიევსკის“ უერთდებიან მოხალისეები, რომლებიც აფასებენ რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიასა და, მისი სიტყვებით, „საუკუნოვან ძმობას“.
მათი მთავარი მოტივაცია ქრისტიანული რწმენის, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვაა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი გვახვევს თავს. მათთვის რუსეთი ნორმალური, ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მათ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს, ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან, - დასძინა ფარცხალაძემ.
TASS-ის ცნობით, ფარცხალაძემ სააგენტოს მანამდე განუცხადა, რომ რუსეთში საერთაშორისო დანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბეს. თავად ფარცხალაძე დანაყოფის სახელწოდებას 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირებს და აცხადებს, რომ მას საქართველოს ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.