შალვა პაპუაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის სულს არ ასვენებენ

09.09.26 13:05
შალვა პაპუაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის სულს არ ასვენებენ

 

 

"ლაზარე ჯორბენაძის სულს არ ასვენებენ" - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიის ეჭვქვეშ დაყენებას. 

პაპუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ  ლაზარე ჯორბენაძემ თვითმკვლელობის ცოდვა დაიდო, ასევე ბევრ ადამიანს დასწამა ცილი. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გარდაცვლილის მიერ ასავალ-დასავალისთვის მიცემულ ინტერვიუებს  და დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის შესაძლო გადაცემას  "ბოდვა" უწოდა და თქვა, რომ ახლა ამ "ბოდვის ტირაჟირება" ხდება.

საღი განსჯის უნარი გვაქვს. როდესაც  ეს ადამიანი იყო ცოცხალი, ამბობდა, რომ აქვს საიდუმლო კოდები, რომლითაც  სადღაც შედის. ამ ადამიანმა თვითმკვლელობა თვითმკვლელობა და სხვა ცოდვაც დაიდო და ისე წავიდა - ცილი დასწამა ადამიანებს. ეს არის ზღაპარი. მთელი უბედურება რაშია იცით, რომ აბსოლუტურად ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო ბოდვა. ამ ბოდვის მერე ახლა ეს ადამიანი ცოცხალი არ არის და ახლა მის ამ ნაბოდვარ იყენებენ იმისთვის, რომ ტირაჟირება მოახდინონ, ეს არის უსინდისობა, უპირველესად ამ ადამიანის მიმართ, გარდაცვლილის მიმართ, როდესაც მის სულს არ ასვენებენ იქაც და მის ცილისწამებას იმეორებენ და ამით მის სულს კიდევ ზიანს აყენებენ", - ამბობს პაპუაშვილი. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.