ფარცხალაძე: უკრაინის წინააღმდეგ 9 თვე ვიბრძოდი
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ამტკიცებს, რომ 9 თვე მოხალისეთა კორპუს „არბატის“ შემადგენლობაში მსახურობდა.
ფარცხალაძის კომენტარს რუსული სამთავრობო სააგენტო TASS ავრცელებს.
სამი ქვეყნის მიერ, რუსეთის ჯაშიშობისთვის დასანქცირებული ფარცხალაძე განმარტავს, რის შემდეგ გადაწყვიტა, მისი მტკიცებით, რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვა.
უზენაესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2025 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მოწვევის მიღების შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე არბატის მოხალისეთა კორპუსში მემსახურა, სადაც ცხრა თვე ვიმსახურე.
არბატში სამსახურის დასრულების შემდეგ, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა საერთაშორისო მოხალისეთა რაზმი "გეორგიევსკი"- ამბობს ფარცხალაძე.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ამჟამად რუსეთში შექმნილ საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფ „გეორგიევსკის“ მეთაურობს.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ TASS-ს განუცხადა, რომ დანაყოფის „გეორგიევსკის" სახელი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც "ქართული ოცნების" ყოფილი წარმოამადგენლის თქმით, "უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში".
რა ვიცით მოხალისეთა კორპუს „არბატის" შესახებ?
დანაყოფი 2022 წელს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა, კრიმინალურ ავტორიტედატ მიჩნეულმა არმენ სარქისიანმა შექმნა. უკრაინული სპეცსამსახურების ინფორმაციით, სარქისიანი მანამდე ძებნილად ითვლებოდა ევრომაიდანის დროს „ტიტუშკების“ ორგანიზებისა და მკვლელობების ბრალდებით.
სარქისიანი 2025 წლის თებერვალში მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბატალიონი ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დაკომპლექტებული (რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები, ასევე ოკუპირებული აფხაზეთიდან წასული სომხები). მასში ასევე ირიცხებიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლები.
თავდაპირველად ფორმირება ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკას“ შემადგენლობაში შედიოდა. 2023 წლის ივნისში მათ ოფიციალური კონტრაქტი გააფორმეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. გავრცელებული ცნობებით, ბატალიონი მჭიდროდ არის დაკავშირებული თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებად კერძო სამხედრო კომპანია „რედუტთან“.
ბატალიონის მეთაური იყო ჰაიკ გასპარიანი (ფსევდონიმით „აბრეკი“) — ყოფილი პროფესიონალი MMA მებრძოლი, რომელიც „ვაგნერის“ რიგებში ციხიდან იქნა გადაბირებული და მოგვიანებით ვლადიმერ პუტინისგან მედალიც მიიღო. გასპარიანი 2026 წლის 9 თებერვალს საბრძოლო დავალების შესრულებისას მოკლეს
საბრძოლო მოქმედებები: დანაყოფის რაოდენობა დაახლოებით 500 კაცს შეადგენს. ისინი მოქმედებენ როგორც მოიერიშე ქვედანაყოფი. თავდაპირველად დონბასში (კერძოდ, გორლოვკის მიმართულებით) იბრძოდნენ, ხოლო მოგვიანებით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელთა შეჭრის შემდეგ, ისინი კურსკის ოლქის სასაზღვრო ზოლში გადაისროლეს.
საინტერესოა, რომ 2023 წელს, ფრონტზე გაგზავნამდე, ბატალიონის „კურთხევა“ მოსკოვის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მოხდა არქიეპისკოპოს ეზრას მიერ, რაც სომხურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობისა და კრიტიკის საგანი გახდა.