"გირჩში" იმედი აქვთ, რომ ივანიშვილს ისევ შეხვდებიან

09.09.26 13:45
"გირჩში" იმედი აქვთ, რომ ივანიშვილს ისევ შეხვდებიან

„თავისუფალი ხალხის პარტიის" [გირჩი] წევრი, სანდრო რაქვიაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ვრცლად არ საუბრობს. ამბობს იმას, რომ აუდიენციის დროს მხოლოდ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "დანაშაული არ არის" და პირიქით, კმაყოფილი იქნება თუკი მასთან შეხვედრის და პოლიტიკურ საკითხებზე შესაძლებლობა კიდევ ექნებათ. 

ასეთი დეტალები არ გაირჩევა ხოლმე, იმიტომ, რომ საქმეს არ ეხება. ჩვენ არ გვქონია პოლიტიკური შეთანხმებები, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები ამით არ შეცვლილა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი. ამის იქით არაფერი ურთიერთობა არ გაგრძელებულა. ჩვენ ყველას ვხვდებით - ნორმალურია, სწორია. ვინც მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან შეხვედრა რაღაც დანაშაულია, ამ ხალხს ვერ ვუშველით. 

ბუნებრივია, როცა შენი პოლიტიკურო დონე იზრდება, გიჩნდება შანსი, რომ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველს შეხვდე. მე მის თავში ვერ ჩავძრები, მე ვიცი, რომ ეს მოხდა და მადლობელი ვარ, რომ დათანხმდა. 

მე იმედი მაქვს, რომ შეგვხვდება და მე იმედი მაქვს, რომ თუ შეგვხვდება და იმის შანსი გვექნება, რომ საქმიანად ვილაპარაკოთ, რომ ისეთი საკიტხები გავარჩიოთ, რომელიც მართლა გვაინტერესებს და მართლა პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ ეს მოხდება, მე ძალიან გამიხარდება. უბრალოდ, მე ამაზე თავს ვერ დავდებ. საბოლოო ჯამში (შეხვედრის დროს) ერთი კითხვა დავსვით, - ამბობს რაქვიაშვილი. 

 

სანდრო რაქვიაშვილი "პირველებთან"  ნიკა გვარამიას ბრალდებებსაც პასუხობს. „გირჩის“ წევრი უარყოფს, ინფორმაციას, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გვარამიას წინააღმდეგ მოქმედებს და აცხადებს, რომ მის მიერ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას გუნდის დაფინანსების საკითხზეც საუბრობს და ფიქტიური შემოწირულებების ორგანიზებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, „გირჩის“ სახელის გამოყენებით მათ მხარდამჭერებს სხვადასხვა ქალაქში 60-ათასლარიანი ჩარიცხვების განხორციელებას სთხოვდნენ. რაქვიაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ გვარამიას გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა ბაზებს იყენებდა და პარტიის აქტივისტების გადაბირებას ცდილობდა.

ის, რომ ჩვენ "ქართულ ოცნებასთან", "ნაციონალურ მოძრაობასთან"  შეკრულები გვარამიას ვებრძით, ეს შიზოფრენიის ნაწილია უკვე, იმიტომ, რომ თუ მართლა ჰგონიათ, რომ ჩვენ გავაერთიანეთ ნაცმოძრაობა და "ქართული ოცნება" გვარამიასთან ბრძოლის ხათრით, რაღაცნაირად ეს დიდი პატივია ამხელა დაპირისპირებული მხარეების გაერთიანება და შეიძლება მივიწერო კიდეც საკუთარ თავს, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია ნამდვილად. ყველაფერი, რასაც გვარამია ამბობს, არის ტყუილი. ეს ითხოვს მშვიდ, წყმარ დებატებს მტკიცებულებებით, სახელები და გვარებიც კია ცნობილი ფიქტიური ჩარიცხვები ვინც გააკეთა, იმიტომ, რომ "გირჩი" აქვთ სახელი, გირჩები ეშლებოდათ და ჩვენს მხარდამჭერებს სთხოვდნენ სხვადასხვა ქალაქში 60 ათასი ჩაერიცხათ ფიქტიურად. ეს იყო კულუარულად ნათქვამი და ჩვენ მერე გადავამოწმეთ, შევამოწმეთ შემოწირულობები და მართლაც ძალიან ახლოს არის. როცა 60 ათასი ჩარიცხვები ხდება პენსიონერები, უმუშევრების და ა.შ. უბრალოდ, ერთი ადამიანის ასეთი გამოძახება ამ კითხვაზე, გაარჩევენ მთელ ამ პროცესს. ესეც მაგის მტკიცებულებაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვითომ ოპოზიცია, რომელსაც გაცხადებული აქვს "ქართული ოცნების" დამხობა, 40 მლნ-ს ხარჯავს არჩევნებზე და არაის კითხვაც კი არ უჩნდება. ერთ-ერთი, ვისაც აზიანებდა ნიკა გვარამია, იყო მიხეილ სააკაშვილი. საბოლოო ჯამში, მის ხმებზე ნადირობდნენ, ენმ-ს ამომრჩევლის ბაზებს იყენებდნენ, მათი აქტივისტების გადაბირებით იყვნენ, - ამბობს რაქვიაშვილი. 

„თავისუფალი ხალხის პარტიის" [გირჩი] წევრი, სანდრო რაქვიაშვილი TV პირველს უდასტურებს ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. 

როგორც მან "ანუნა ახალაიას დღის ამბებში" განაცხადა, აუდიენცია მათივე თხოვნით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ შედგა. 

მსგავსი სიახლეები