სამ-დღიანი დუმილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
სამ-დღიანი დუმილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ახლა სამართლებრივი საკითხებიდან ყურადღების გადატანას "პოლიტიკური ინსინუაციებით" ცდილობს.
რაც შეეხება მის პერსონალურად მოხსენიებას ღარიბაშვილის წერილში, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ არ იცის, რატომ გახდა ექს-პრემიერის მიმართვის ადრესატი.
ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მოხსენიებული ამ წერილში. როგორ გითხრათ ახლა, სხვა ადამიანმა, რა როგორ გადაწყვიტა, მე ამას ვერ გეტყვით, თუმცა ჩემი პასუხი იგივეა, რომ სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები და ნებისმიერი მცდელობა, ყურადღების გადატანისა პოლიტიკური ინსინუაციებით თავშივე არის განწირული.
ვის არ უცდია, რომ სამართლებრივი პროცესიდან ყურადღება გადაეტანა პოლიტიკურ ინსინუაციებზე.ასეთი მაგალითებით სავსე გვაქვს და ყველგან გამოცდილება ხომ გვაჩვენებს, რომ ამას არანაირი შედეგი არ აქვს.
დღეს პაპუაშვილს "პირველებმა" ჰკითხა, მისი თანაგუნდელების მსგავსად, თავადაც ფიქრობს თუ არა ღარიბაშვილი "დიფ-სთეითმა" გადაიბრია, რაზეც "ოცნების" ლიდერმა განაცხადა, რომ საკითცის პოლიტიზირებისკენ თავს შეიკავებს.
- ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შარმანაშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილი "დიფ სთეითის" ზემოქმედებით მოქმედებს.
მე ვფიქრობ, რომ ბრალი, რომელიც მას აღიარებული აქვს, საკმარისად მძიმეა, რომ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი. რახან ვამბობ, რომ პოლიტიზირება არ არის საჭირო და ის, რომ ცდილობს სამართლებრივი საკითხები გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში და ეს არ არის სწორი, ამიტომ ამ მცდელობის აყოლაც, არ არის სწორი. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების სურვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს.
ვხედავთ, რომ არის დამთხვევა, რომ ამ ქვეყნის მტრები ხარობენ, რომ ბოდვები ხდება პოლიტიკური განხვილვის საკითხი, ეს ვის უხარია, მხოლოდ ჩვენი ქვეყნსი მტრებს- შიგა და გარე მტრებს", - ამბობს პაპუაშვილი.
ორშაბათს ექს-პრემიერმა რუსთავის ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა - ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ბოლო დღეებში ბევრი "სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება იხილა მის მიმართ". კონკრეტული გვარ-სახელები პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს არ დაუსახელებია, თუმცა მათ მოუწოდა, რომ "თავი დაანებონ მის წინააღმდეგ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს!"
ერთადერთი ვისაც ღარიბაშვილმა პერსონალურად მიმართა, შალვა პაპუაშვილია -"შალვა ეს არა სამართლებრივი პროცესი არამედ დაუნდობელი პოლიტიკური დევნაა" - წერს ღარიბაშვილი რუსთავის ციხიდან.
როგორც დაკავებული ყოფილი პრემიერ აღნიშნავს, ის არავის არ ებრძვის, თუმცა ახლა იძულებულია, დაიცვას თავისი თავი და ოჯახი "უსამართლობისა და სისასტიკისგან".
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" - წერს წერილში ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელების მისამართით.