რას მალავს "ოცნება" ჩორჩანას საგუშაგოზე - გახარიას გუნდი პასუხებს ითხოვს

09.09.26 15:32
რას მალავს "ოცნება" ჩორჩანას საგუშაგოზე - გახარიას გუნდი პასუხებს ითხოვს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ჩორჩანას ტერიტორია საკუთარ მიწად გაასაღოს, რასაც „ქართული ოცნება“ დუმილით ხვდება - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

ექს-პრემიერის პარტია ასე ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ბოლო შეხვედრას ეხმაურება.

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ აგრესიულად მოითხოვა სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება და, შესაბამისად, აღნიშნული ქართული ტერიტორიების საოკუპაციო ძალებისთვის გადაცემა.

საოკუპაციო რეჟიმი უსინდისოდ ცდილობს ჩორჩანას ტერიტორია საკუთარ მიწად გაასაღოს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს დუმილით ხვდება და საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას როგორც ცხინვალის რეჟიმის მოთხოვნებზე, ისე საკუთარ საპასუხო პოზიციაზე.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, „ქართული ოცნება“ ასამართლებს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებისა და ქართული მიწის მცოცავი ოკუპაციისგან დაცვის გამო.

„ქართული ოცნების“ უწყვეტი დუმილი ჩორჩანასთან დაკავშირებით აჩენს მძიმე ეჭვებსა და შეშფოთებას ხელისუფლების შესაძლო მზაობაზე, ჩაიდინოს ღალატის უპრეცედენტო აქტი და ქართული მიწები საოკუპაციო რეჟიმს დაუთმოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ აქტში მონაწილე თითოეული პირი პასუხს აგებს კანონისა და ისტორიის წინაშე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ქართველ ხალხს ჩორჩანასთან დაკავშირებით საკუთარი განზრახვების შესახებ და ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, არ გადადგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც საოკუპაციო ძალებისთვის ქართული ტერიტორიების დათმობას დაუშვებს“, – აცხადებენ პარტიაში. 

რა დაწერა საქართველოს სახელმიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრის შესახებ: 

სუს-ის მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე, დეტალურად მიმოიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. 

უწყების ცნობით, ასევე, განიხილეს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმის საკითხი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 22 ოქტომბერი განისაზღვრა"- წერს სუს-ი. 

საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს გაიხსნა. 

ქართულ სოფელ ჩორჩანაში, პოლიციის საგუშაგოს აშენების გამო „ქართული ოცნება“ ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს, გიორგი გახარიას, ადანაშაულებს.

ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ საგუშაგომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაამძიმა და გახარიამ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა.

თავად გიორგი გახარიამ გახარიამ საჯაროდ არაერთხელ თქვა, რომ საგუშაგოს გახსნა თვითნებური გადაწყვეტილება არ ყოფილა ფა მაშინ „ყველამ ყველაფერი იცოდა“. მისი თქმით, 2019 წლის აგვისტოში დრო არ ითმენდა, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო.

მსგავსი სიახლეები