სუს-ის და შსს-ს დელეგაციები ჩინეთში იმყოფებიან
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი რანგის პირები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ დელეგაციას, სამსახურის უფროსი, გეკა გელაძე ხელმძღვანელობს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. უწყების ხელმძღვანელი, ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევით, გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.
2026 წლის ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
კონფერენციის გახსნამდე, გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ერთად, გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტექნოლოგიების რიგით მე-3 გამოფენას ეწვია და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნო. გამოფენას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პირველმა კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა"- წერს სუს-ი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძეც.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში (GPSCFL), რომელიც ქალაქ ლიენიუნკანგში იმართება.
შსს-ში ამბობენ, რომ ფორუმზე, რომელიც 2022 წელს დაარსდა, განიხილება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე მიიღო მონაწილეობა ქვე-ფორუმებში, რომელთა ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავდა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას საპოლიციო განათლების სფეროში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან უწყების შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები."- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიდრე ქართველი მაღალჩინოსნების ჩინეთში ვიზიტის შესახებ განცხადება გავრცელდებოდა, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს „ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე“ ჰყიდის“.
უილსონის თქმით, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.
„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ (CCP) საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა. CCP-ის „ინვესტიციები“ ყოველთვის დამანგრეველია და მიზნად ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას ისახავს. „ქართული ოცნება“ საქართველოს „ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე“ ჰყიდის“, - წერს უილსონი X-ზე.