მიყვარს ჯო უილსონის პოსტები - ნინო წილოსანი

09.09.26 17:14
მიყვარს ჯო უილსონის პოსტები - ნინო წილოსანი

ჩინეთთან საქართველოს ხელისუფლების მზარდი თანამშრომლობის ფონზე, „ქართული ოცნება“ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკას პასუხობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი უილსონის განცხადებას „ანტისახელმწიფოებრივ მიდგომად“ აფასებს და ამტკიცებს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობა საქართველოს ინტერესებშია. 

მიყვარს ჯო უილსონის პოსტები, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოს გარდა არცერთ სხვა პრიორიტეტს არ ისახავს. ჩინეთი არის უძლიერესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, რომელთანაც თანამშრომლობას, პარტნიორობას, ეკონომიკურ ურთიერთობას ცდილობს ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა, აშშ. ნახეთ, რომ მისი პრეზიდენტი დიდი ბიზნესშემადგენლობით ეწვია ჩინეთს, რომ როგორღაც ეკონომიკური და პარტნიორული ურთიერთობები გააღრმავოს და ამის ფონზე ჯო უილსონი ნერვიულობს საქართველო ჩინეთთან ეკონომიკურად რატომ თანამშრომლობს. სრული ანტისახელმწიფოებრივი მიდგომაა და რაც მთავარია, დიდი ინტერესია, რომ საქართველო არ იყოს ისეთი ძლიერი ეკონომიკის პარტნიორი, როგორი არის ჩინეთი, - ამბობს წილოსანი. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი რანგის პირები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ დელეგაციას, სამსახურის უფროსი, გეკა გელაძე ხელმძღვანელობს. 

ამ ფონზე ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს „ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე“ ჰყიდის“.