შალვა ნათელაშვილმა "ოცნების" ლიდერებს "დაქირავებული მონები", ივანიშვილს კი "ჭორვილ-პუტინიჩი" უწოდა
"ლეიბორისტული პარტიის: ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერებს "დაქირავებული მონები", ივანიშვილს კი "ჭორვილ-პუტინიჩი" უწოდა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი "ერის გაყიდვაზე ორიენტირებული, ფულის საშოვნელად შეკრებილი ჯოგია", რომელიც საქართველოს მოქალაქეებისგან მოპარული "სიმდიდრის გაყოფით არის დაკავებული".
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი "სევდიანი თვალებით იყურება" იზოლატორიდან, ზოგი კი დასავლეთშია გაქცეული - "ხოლო მთელი რიგი პირები ემზადებიან ამ პერსპექტივისთვის".
ეგენი ისეთივე პრეზიდენტები და პრემიერები არიან, როგორც მე გახლავართ ტაილანდის მეფე, ესენი არიან დაქირავებული მონები, ერის გაყიდვაზე ორიენტირებული, ფულის საშოვნელად შეკრებილი ჯოგი, რომელიც დაკავებულია ჩვენგან მოპარული სიმდიდრის გაყოფით, ამ გაყოფაში მოსდით უთანხმოებები ერთმანეთში და ურთიერთ, შიდა მაფიოზურ გარჩევებს ვხედავთ, რის გამოც ზოგი სევდიანი თვალებით გამოიყურება იზოლატორიდან, ზოგი გაქცეულია და ევროპა-ამერიკიდან გვეხმიანება, ხოლო მთელი რიგი პირები ემზადებიან ამ პერსპექტივისთვის. მანდ ხომ არ არის არანაირი დავა ქვეყნის განვითარების უკეთეს გზებზე, იდეოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე, ამის გამო წარმოშობილ უთანხმოებაზე მმართველ ელიტაში, ხდება ეგეთები და შედეგად დამდგარ შედეგებზე, აქ საუბარია ვინ მეტი მოიპარა, ვინ მეტი წაგვართვა და რაც მთავარია, ვინ გადააგდო მბრძანებელი, ნიკიტა მეორე, ჭორვილ-პუტინიჩი ვინ გადააგდო, ვინ არ მიუტანა მილიონები, მილიარდები და შესაბამისად რეაქციაც, სამართლებრივი და პოლიტიკური ე.წ. პასუხისმგებლობაც ამის მიხედვით დგება.
ამდენად ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ პრინციპიდან, რომ აქ არ გვაქვს საქმე პოლიტიკასთან, პოლიტიკურ მოვლენასთან, გეო-პოლიტიკასთან, ფილოსოფიურ ხედვასთან, ეროვნულ მიდგომებთან, აქ საქმე გვაქვს კრიმინალურ ჯგუფთან, რომლის მიზანია, გაძარცვოს საქართველო, ყველა ჩვენი მოქალაქე და მიწაც გაყიდოს პირდაპირი მნიშვნელობით," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.