რა მისიით ჩავიდა კობახიძე პარიზში?

10.09.26 11:12
რა მისიით ჩავიდა კობახიძე პარიზში?

ირაკლი კობახიძე პარიზში იმყოფება - "ქართული ოცნების" ლიდერი საფრანგეთში მაკა ბოჭორიშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. ცნობილია, რომ მთავრობის მეთაური კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს დაესწრება.

სამიტი რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს, მანამდე კი გავრცელდა კადრები ელისეის სასახლიდან, სადაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სერბეთისა და სომხეთის პირველ პირებთან ერთად ხვდება ირაკლი კობახიძესაც. 

მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ თქვა, რომ სამიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის ორმხრივი შეხვედრების გასამართად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა სახის და ვისთან გამართავს კობახიძე ორმხრივ შეხვედრას.

ამის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციამ ლევან ჟორჟოლიანის კომენტარი გაავრცელა, რომელმაც კოსმოსურ საკითხებზე ილაპარაკა. მას არაფერი უთქვამს ღარიბაშვილის დაგეგმილ შეხვედრებზე. 

ჟორჟოლიამის თქმით, ირაკლი კობახიძე  პარიზში კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით ესწრება.

მისი თქმით, სამიტზე განიხილება მეცნიერების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით არსებული მიღწევები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, დაესწრება კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს, რომელიც გაიმართება ქალაქ პარიზში. აღნიშნულ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის კვლევა, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა. აღნიშნული მიმართულებით, ის მიღწევები, რომლებიც არსებობს დღეს ევროპაში. ასევე, ხაზი გაესმება ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, "ქართული ოცნების" ოპონენტები მმართველ ძალას სამიტამდე ერთი დღით ადრე, გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებას ახსენებენ, სადაც  მიკელე ჩერვონე დ’ურსომ შეშფოთება გამოთქვა  საქართველოში ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული ვითარების გამო. 

"ძლიერი საქართველო-ლელოს" ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება კობახიძეს პარიზში გამოუვიდეს, ეს ფოტო-ვიდეო მასალის შეგროვებაა: 

ესაა მორიგი ქოცური გასეირნება ევროპაში ფოტოების გადაღების მიზნით, რომელიც ქართული ეროვნული ინტერესისთვის არანაირ სიკეთეს არ მოიტანს.

რა საკვირველია, ჩვენ აქვე გვახსენდება, თუ როგორ ცდილობს ქოცური ვირ-ეშმაკობით, საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს ქოცურ ფასად, არაფრის გაკეთების პირობებში, ევროპასთან ურთიერთობის შენარჩუნება არის დიდი მითი. ყველამ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ყველამ კარგად იცის, რომ ქოცურ ფასად, აი ამ ვირ-ეშმაკობით  ეს რეჟიმი ვერცერთი თვალსაზრისით ვერ შეძლებს ევროპის ქვეყნებთან კავშირის ნორმალიზებას. ერთადერთი რაც დღეს ქართულ საგარეო პოლიტიკას ათასში ერთხელ გამოსდის, ეს არის სადღაც ფოტოში მოხვედრაა "- აცხადებს თაზო დათუნაშვილი. 

"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი, ეკა ბესელია კი ამბობს, რომ დასავლეთი აკვირდება ხელისუფლების ქმედებას და არა იმას თუ ვინ, რომელ სამიტს დაესწრება. 

ბრიუსელიც, პარიზიც და ვაშინტონიც ბუნებრივია, აკვირდება ქმედებებს და არა იმას, თუ ვინ მიდის კონფერენციაზე. აკვირდება, რას აკეთებს "ქართული ოცნება" იმის გამოსასწორებლად რაც დაახლოვებდა დაახლოვდა საქართველოს ევროკავშირთან. 

როდესაც ყველა მოთხოვნა და პირობა, რომელიც იყო დადებული არის უარყოფილი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უგულვებელყოფილია მიღებულია ძალიან სახიფათო და ცუდი კანონები, პოლიტპატიმრებით სავსეა ციხეები და ამდენი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, ბუნებრივია კომფერენციებში მონაწილეობა ამას ვერ გადაფარავს"- დასძინა ბესელიამ. 

ამის პარალელურად გუშინ "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ შალა პაპუაშვილი ბრიუსელში და ლუქსემბურგში მიდის.

"პირველების" კითხვაზე ევროკავშირში მძაფრი კრიტიკის ფონზე, რატომ ჩადიან მაინც ბრიუსელში და რისი მცდელობა აქვთ - პაპუაშვილი პასუხობს, რომ მიზანია "დაანგრიონ ცრუ ნარატივები ქართულ ოცნების შესახებ, რომელიც ბრიუსელიდან ისმის".

მსგავსი სიახლეები