როდის ამოქმედდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი - კობახიძის "საჩუქარი" ოპოზიციას
თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც, ანუ ცვლილებები რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა. კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის შემცირება ოპოზიციის ქცევაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ჩანაწერი „მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია, ამოღებული უნდა იყოს.
მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ეს იქნება „პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის“. ამასთან, როგორც ის დასძენს, რომ ცვლილებების მიღება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე.
ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5 %-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული საარცევნო სისტემა თავისი 5 %-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება ჩანაწერს მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიციაა და ალბათ, ამას გაიზიარებს მთელი უმრავლესობა, რომ ჩანაწერი მომდევნო არჩევნების შესახებ უნდა იქნას ამოღებული. ცალსახად თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება, ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება, თუმცა რიგგარეშე არ იქნება,“ - თქვა კობახიძემ.