დროა, მთავრობამ მიიღოს კანონი, რომელიც არასამთავრობოებს ჩარჩოებში ჩასვამს - ინჯია
,,ევროპელი სოციალისტების" ლიდერი, ფრიდონ ინჯია, მორიგი ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ დროა, ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარჩოში ჩასასმელად შესაბამისი ნაბიჯი გადადგას. ამის შესახებ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამ დღეებში გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს, ხაზინის ქურდებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს სიას და აღმოაჩენს იმას, რომ ნახევარზე მეტი იქ ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისათვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი არის ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან.
დროა, ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადგეს თავის სიმაღლეზე, კანონისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა", - თქვა ფრიდონ ინჯიამ.