გიორგი ბარამიძის დაკავებაზე ენმ-ში პირველი კომენტარი კეთდება

11.09.26 18:19
გიორგი ბარამიძის დაკავებაზე ენმ-ში პირველი კომენტარი კეთდება

გიორგი ბარამიძის დაკავებაზე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პირველი კომენტარი კეთდება – ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, "ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებზეა გადასული". 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ გიორგი ბარამიძე არა სიტყვის, არამედ "დამახინჯებული ინტერპრეტაციის გამო" დააკავეს. 

ივანიშვილის რეჟიმი გადასულია რეპრესიებზე. გია ბარამიძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ადამიანს არა თუ სიტყვის, არამედ დამახინჯებული ინტერპრეტაციის გამო იჭერენ. ამ ადამიანმა სხვა ინტერვიუებში განმარტა, რომ რა ფორმულირებასაც მას ედავებიან, ამას არ გამოხატავდა. ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს. მიზეზი მარტივია, ყველა კრიტიკული ადამიანის დაჭერა უნდათ," – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისივე თქმით, ენმ-ის წევრები, გიორგი ბარამიძის საცხოვრებელ სახლთან, ან იქ მისვლას აპირებენ, სადაც მას გადაიყვანენ. 

ენმ-ს წევრი, ლაშა ფარულავა  აღნიშნავს, რომ "თუ ვინმე არის აგენტების, მოღალატეების პარტია, ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი". 

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დააანონსა პარტიების აკრძალვა და სწორედ ამის ნაწილია გიორგი ბარამიძის დაკავება. 

სიგიჟეა, რასაც გვთავაზობს ახლა ე.წ. ხელისუფლება, რუსული რეჟიმი. წარმოიდგინეთ, ამ ხელისუფლების გენერალური პროკურორი, მთავარი მბრალდებელი იყო ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ახლა უკრაინაში პუტინის მხარეს მებრძოლებს აგროვებს და თუ ვინმე არის ნამდვილად აგენტების პარტია, თუ ვინმე არის მოღალატეების პარტია, თუ ვინმე არის ჩვენი ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს მთავარი საფრთხე, ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ამ ქვეყნის პატრიოტს, გია ბარამიძეს უყენებენ ბრალდებას აფხაზეთის ომის საკითხზე, რომელთა დაკავშირებითაც არაერთი განმარტება თავად გია ბრამიძემ გააკეთა, დააზუსტა, თუ რას გულისხმობდა იაგო ხვიჩიასთან, როდესაც მან გააკეთა განცხადება. 

ეს არის, სინამდვილეში, ივანიშვილის მცდელობა - დღეს დაგვიანონსეს, რომ აპირებემ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას. აპირებენ პარტიების აკრძალვას და დაიწყეს პროპაგანდისტული, საქართველოს გარუსების კამპანია... გია ბარამიძის დაკავებაც არის ამის ნაწილი," - განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს - პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს. 

ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არცერთ უწყებას ბარამიძის დაკავების შესახებ არ გაუვრცელებია. 

ვიცით ის, რომ რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა. 

  • შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო. 

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

მაშინ გია ბარამიძემ არ გამორიცხა რომ მას დააკავებდნენ.