ამ სიგიჟეში აცხოვრებს ხალხს ივანიშვილი - ხატია დეკანოიძე ბარამიძის დაკავებაზე
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გია ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.
როგორც დეკანოიძე წერს, ბარამიძეს იჭერენ „სამშობლოს ღალატისთვის“, რომელიც რუსებმა დაუსწრებლად გაასამართლეს.
„ფარცხალაძე ჰყავდა ივანიშვილს მთავარი პროკურორი - რუსეთის ჯაშუში და მოღალატე;
სიმონიანის „შეურაცხყოფისთვის“ ქართველებს დევნიან და სასამართლოში იბარებენ.
ქართული ეკონომიკა რუსეთს ჩამოკიდეს და ახალი გეორგევსკის გონორით გველაპარაკებიან.
ამ დროს, ბარამიძეს იჭერენ „სამშობლოს ღალატისთვის“, რომელიც რუსებმა დაუსწრებლად გაასამართლეს.
ამ სიგიჟეში აცხოვრებს ხალხს ივანიშვილი“, - წერს დეკანოიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს.
ბარამიძის დაკავების შესახებ, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არცერთ უწყებას არ გაუვრცელებია.
ვიცით ის, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.
- შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.
მაშინ გია ბარამიძემ არ გამორიცხა რომ მას დააკავებდნენ.