ენმ ამბობს, რომ "ოცნებამ" გია ბარამიძის დაკავებით რუსეთის იმპერიის დავალება შეასრულა - საგანგებო ბრიფინგი პროკურატურასთან

11.09.26 20:25
ენმ ამბობს, რომ "ოცნებამ" გია ბარამიძის დაკავებით რუსეთის იმპერიის დავალება შეასრულა - საგანგებო ბრიფინგი პროკურატურასთან

 

 

"მისი დაკავების ბრძანება ჯერ კიდევ რუსულმა იმპერიამ გასცა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროკურატურასთან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს და გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურნენ. 

ენმ-ის მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, გიორგი ბარამიძის დაკავების საბაბი მისი პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია გახდა. 

ირაკლი ფავლენიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთში გია ბარამიძისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" "პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირა და პატიმრობა შეუფარდა გია ბარამიძეს". 

კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის წინააღმდეგ.

გია ბარამიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძვის თავისუფალი, ძლიერი საქართველოსთვის, ის იბრძოდა იარაღით ხელში აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამის შემდგომ ის იბრძოდა მუდმივად პოლიტიკურად, მათ შორის მას აქვს განხორციელებული რეფორმები, რომლითაც შეიქმნა ძლიერი ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები. მისი მიზანი ყოველთვის იყო სასარგებლო საქმე ქართული სახელმწიფოსთვის. 

მისი პოლიტიკური განცხადება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გახლავთ მისი დაკავების საბაბი, მისი დაკავების საბაბი გახლავთ ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია. მან განმარტა მკაფიოდ, რომ ის შინაარსი მას არ უგულისხმია, რითაც აღქმული იქნა საზოგადოების ნაწილის გარკვეული მიერ და ამაზე მან არაერთი განცხადება გააკეთა, თუმცა ამისდა მიუხედავად ის იქნა დაკავებული, რატომ? იმიტომ, რომ მისი დაკავების ბრძანება ჯერ კიდევ რუსულმა იმპერიამ გასცა, ერთი წლის წინ, ფაქტობრივად, მას მიესაჯა პატიმრობა რუსეთის მიერ და როგორც ყველაფერში, აქაც დააკოპირეს პუტინის, საკუთარი მბრძანებელი რეჟიმის ინსტრუქციის და რუსების მსგავსად შეუფარდეს პატიმრობა უკვე ადგილზე, საქართველოში ბატონ გია ბარამიძეს," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები