იურისტი ხსნის, რატომ არის ბარამიძე "პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი", ბრალი კი "უსაფუძვლო"
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისთვის, გია ბარამიძისთვის წაყენებული ბრალდება "სრულიად უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია".
მისი თქმით, როგორც პროკურატურის განცხადებიდან იკვეთება, ბარამიძეს საბოტაჟის მუხლით ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ მისი საჯარო განცხადების გამო წარუდგინეს, კერძოდ, იმ ინტერვიუში გამოთქმული აზრის გამო, რომელიც მან გადაცემა „საქართველოს დაბადებას“ მისცა.
იურისტის შეფასებით, პროკურატურამ არც ერთი მტკიცებულება არ წარმოადგინა, კონკრეტულად რაში გამოიხატა და რით მტკიცდება, რომ გიორგი ბარამიძემ "წინასწარი განზრახვით და შეგნებულად დაგეგმა და განახორციელა დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების საფრთხის ქვეშ დასაყენებლად".
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ასკვნის, რომ გიორგი ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია:
ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი. ადამიანმა და განსაკუთრებით პოლიტიკოსმა, რომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით არის დაცული, რაც არ უნდა სისულელე ან/და არასწორი აზრი გამოთქვას, მხოლოდ ეს ვერ იქნება დანაშაული.
პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიორგი ბარამიძემ წინასწარი განზრახვით და შეგნებულად დაგეგმა და განახორციელა დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასაზიანებლად, ასევე, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ჯგუფების რეპუტაციის შესალახად და სამშვიდობო პროცესის საფრთხის ქვეშ დასაყენებლად.
თუმცა, პროკურატურამ არც ერთი მტკიცებულება არ წარმოადგინა, კონკრეტულად რაში გამოიხატა და რით მტკიცდება ეს წინასწარი განზრახვა. სავარაუდოდ, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, სხვა შემთხვევაში, პირველად მაგას გაგვიზიარებდნენ.
გარდა ამისა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მოითხოვს ბარამიძის წინასწარ პატიმრობას. ესეც სრულიად დაუსაბუთებელია, რა საჭიროა აქტიური პოლიტიკოსის წინასწარი პატიმრობა: მიმალვის საფრთხე არსებობს, დანაშაულის განმეორებით ჩაიდენს თუ მოწმეებზე მოახდენს ზეწოლას ან მტკიცებულებებს გაანადგურებს?!ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, თორემ მხოლოდ მსგავსი განცხადებების გამო ადამიანის დაჭერა სამართლებრივად გამართლებული რომ იყოს, ბევრი სხვა პოლიტიკოსიც, პირველ რიგში კი „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, იქნებოდნენ დასაჭერი"- წერს ლევან ნატროშვილი.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.
„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.