"ოცნება" ებრძვის ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო უკრაინაში ჩამოსული" - გენერალი გიგი კალანდაძე

11.09.26 23:06
"ოცნება" ებრძვის ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო უკრაინაში ჩამოსული" - გენერალი გიგი კალანდაძე

"ოცნება" ებრძვის ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო უკრაინაში ჩამოსული" - საქართველოს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, გიორგი ბარამიძე არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ვერ დააბრალებ მოღალატეობას და მისი დაკავება მარგარიტა სიმონიანის გინებისთვის სამოქალაქო აქტივისტისა და ბლოგერის წინააღმდეგ წამოწყებული საქმის გადაფარვის მცდელობაა. 

ე.წ. "ქართული ოცნება" ებრძვის ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო უკრაინაში ჩამოსული, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც განსაკუთრებით იწვევდნენ დადებით გამოხატულებას უკრაინელებისგან, როცა მათ ესმოდათ, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი იღებს მონაწილეობას უკრაინის დაცვაში და კონკრეტულად, ის იღებდა კიევის შემოგარენში მონაწილეობას, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად და  განსაკუთრებულია ის, რომ დღესაც გრძელდება და დღესაც ახსოვთ ყველა იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც იდგა და იბრძოდა გიორგი ბარამიძის გვერდით.

გიორგი ბარამიძე არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ვერ დააბრალებ ვერაფერს ნეგატიურს და განსაკუთრებით მოღალატეობას და ეს მე მგონი, იყო გადაფარვის მცდელობა იმ კონკრეტული შემთხვევისა, რომელიც სიმონიანის გინებას [ეხებოდა]... რა თქმა უნდა ამას მოჰყვა აღშფოთება და ნეგატივი და ამათ აქვთ საბალანსო პრინციპი, რომ მოდი ახლა ამას დავიჭერთ, ეს ამას გაანეიტრალებს, ამაზე ავწევთ თემას. ეს არის რუსული ხელწერა, ეს არის რუსეთის გავლენა, ეს არის საქართველოს სრული ოკუპაცია. 

ჩვენ ბევრი მოღალატეობრივი განცხადებები გვახსოვს "ქართული ოცნების" მხრიდან, საერთოდ გუნდი "ქართული ოცნება" არის რუსული გავლენის ქვეშ, პირველი მოღალატეები არიან "ოცნების" მაღალი თანამდებობის პირები და ეს ეშელონი ჩამოდის იმ რიგით წევრებამდე, რომლებსაც აღსრულება აკისრია," - ამბობს გიგი კალანდაძე. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები