ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან სატრანზიტო გზის გახსნაზე უარს ამბობს
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან სატრანზიტო გზის გახსნას არ აპირებს. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი აცხადებს, რომ რეგიონი ამისთვის ამ ეტაპზე „არც მორალურად და არც აუცილებელი ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით“ მზად არ არის. მისი თქმით, საქართველოსთან ტრანზიტის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უსაფრთხოების „საიმედო გარანტიებია“ საჭირო.
„ეკონომიკური სარგებელი ხალხის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება“, - განაცხადა კამბოლოვმა. მისი თქმით, უსაფრთხოების საკითხს ადგილობრივი მოსახლეობა ომსა და დანაკარგებს უკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაბამის გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს.
განცხადება კამბოლოვმა ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. კენჭისყრა 18 სექტემბერს არის დანიშნული. კამბოლოვი რუსეთის ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ჩინოვნიკია; დე ფაქტო პრემიერად ის ალან გაგლოევის გადადგომამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაინიშნა, შემდეგ კი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ივლისში ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში შეხვედრისას კამბოლოვს არჩევნებში საჯაროდ დაუჭირა მხარი.