შტატებში მყოფი სახალხო დამცველი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა ქართველ ემიგრანტებთან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნო, რომლებსაც ემიგრანტები საქართველოსგან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
პრეს-რელიზის თანახმად, სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება ქართველი ემიგრანტი ქალების როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სწორედ მათი დაუღალავი შრომა იყო მრავალი ქართული ოჯახის ეკონომიკური გადარჩენის მნიშვნელოვანი საფუძველი.
მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც კარგად ახსოვს ის სიღარიბე, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო. სამწუხაროდ, ემიგრაციის ტვირთის აღება სწორედ ქართველ ქალებს მოუწიათ. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ - ქალების მიმართ, რომლებმაც შეძლეთ უცხო ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება და საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების დახმარება თქვენი დაუღალავი შრომის ფასად“, - განაცხადა პრესსამსახურის ცნობით, ლევან იოსელიანმა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი
მოჯანი აცხადებს, რომ ირანი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, თუმცა ტურისტებიც არჩევანს უსაფრთხოების, ფასის, კომფორტისა და „ურთიერთპატივისცემის“ გათვალისწინებით გააკეთებენ.