ღარიბაშვილზე პოსტების გამო, ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან - ზაზა სარალიძე
2017 წელს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, "ტვ პირველის" ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გაკრიტიკების შემდეგ მას ხალხი მიუგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებიან.
დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, რადგან ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.
ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ. იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან"- განაცხადა სარალიძემ "რეაქციაში" სტუმრობისას.
ამასთან, ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ე.წ. სქრინები წარმოადგინა, რომელიც სარალიძეს პირად შეტყობინებებში მისდიოდა.
ადვოკატის თქმით, ზაზა სარალიძეს შეტყობინებები გაუგზავნეს: ალექსანდრე თამაზაშვილმა, დიმიტრი ხუმარაშვილმა და Facebook-ს კიდევ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც სახელი და გვარი გარკვევით არ ეწერა.