ირანის ელჩის გზავნილი - ექსპერტები საგარეო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ირანის ელჩის განცხადებებს თბილისში მწვავე შეფასებები მოჰყვა. ექსპერტები აცხადებენ, რომ სეიედ ალი მოჯანის გზავნილები მუქარის ნიშნებს შეიცავს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ეს ადამიანი დაეჩვია მუქარანარევი რებუსებით საუბარს საზოგადოებასთან და ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს ადამიანი დასაბარებელი იქნება, მინიმუმ, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ასახსნელი ექნება ის განცხადებები, რასაც ის აკეთებს. თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა არ არსებობს, მაშინ ნორმალურ ქვეყანაში ამის გაკეთება შეუძლია ასევე საქართველოს ელჩს ირანში მოიკითხოს, რამდენად არის მსგავსი განცხადებები შეთანხმებული ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და რამდენად წარმოადგენს ეს გაუგებრობა ირანის ოფიციალურ პოზიციას, - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.
თეონა აქუბარდია ყურადღებას ელჩის მიერ გამოქვეყნებულ რუკასა და „ახალი მეგობრობების“ შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს. აქუბარდია ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა ირანელი ტურისტების ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადამისამართებაზე მინიშნება იყოს და აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს განმარტებები უნდა მოსთხოვოს.
ირანის ელჩის ახალი მუქარა, ვფიქრობ არის საგანგაშო და საგულისხმო, რამდენადაც მის მიერ გამოქვეყნებული დასავლეთ საქართველოს და არა სრულიად საქართველოს რუკა, ახალ მეგობრობაზე აქცენტი ბადებს ეჭვს, რომ ის ემუქრება თბილისს იმით, რომ ირანელი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში იმოგზაურობენ და არა აჭარის რეგიონში. მაკა ბოჭრიშვილმა წესით და რიგით, ახლა რომ ორმაგი სტანდარტების მოყვარული არ იყოს, უნდა დაიბაროს ირანის ელჩი საგარეოში და განმარტებები უნდა მოსთხოვოს, რას ნიშნავს მისი პერსონალური თავდასხმა და მუქარა საქართველოზე და მის სუვერენიტეტზე, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების მიმართ აშშ-ის სანქციების დაცვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მიანიშნა, რომ ირანელი ტურისტებისთვის საქართველო ერთადერთი შესაძლო მიმართულება არ არის.
დიპლომატის თქმით, ბოლო დღეებში ირანელი ტუროპერატორები საელჩოს საქართველოს მიმართულებით მოგზაურობის გაგრძელების საკითხზე მიმართავენ. მოჯანი აცხადებს, რომ ირანი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, თუმცა ტურისტებიც არჩევანს უსაფრთხოების, ფასის, კომფორტისა და „ურთიერთპატივისცემის“ გათვალისწინებით გააკეთებენ.