პიჯაკების საქმე - 2 დეკემბერს მოვლენების ეპიცენტრი ისევ საქალაქო სასამართლო იქნება
24 საათში მოვლენების ეპიცენტრი ისევ საქალაქო სასამართლო იქნება. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს "პიჯაკების საქმის" განხილვა მთავარ ბრალდებულთან, მიხეილ სააკაშვილთან, ერთად ერთად მოუწევს.
მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი, საამართლო პროცესის პარალელურად საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ადგილზე ბევრი ხალხი უნდა მივიდეს.
უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“ , რომ მართლა ძალიან ბევრნი ვართ. თითქოს ადრე იძახდნენ, რომ ასი კაცი ვართ, ორასი კაცი ვართ, არა. ჩვენ მართლა ძალიან ბევრნი ვართ და მიშა არის მართლა გმირი და პატრიოტი. ყველაფერი გადადო გვერდზე, როგორც მოგეხსენებათ და ჩამოვიდა საქართველოში, შეუერთდა ქართველ ხალს და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ვთვლი, რომ ყველა ბრალდება არის თითიდან გამოწოვილი, - ამბობს გიორგი სააკაშვილი.
იუსტიციის მინისტრის მუქარას, რომ საპორტესტო აქციების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ისევ გლდანის ციხეში დააბრუნებს, ოპოზიციაში პასუხობენ. ენმ-ს წევრი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გლდანის ციხეში დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის.
მისი თქმით, თუ სააკაშვილს გლდანის ციხეში მაინც დააბრუნებენ, ამას მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰვება.
მას ჯერჯერობით გააჩნია წოლითი რეჟიმი და ის უნდა იმყოფებოდეს კლინიკაში, სადაც მას უნდა უტარდებოდეს გარკვეული ტიპის კვლევები, ამიტომ მისი გადაყვანა ახლა რუსთავის ციხეში არ არის რეკომენდირებული. ამას წყვეტენ ექიმები და არა იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება, - ამბობს კობა ნაყოფია.
მისცემს თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრების ნებართვას, ჯერჯერობით უცნობია.