რამდენი სკოლა ვერ იწყებს ახალ სასწავლო წელს? - ბრიფინგი
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს თბილისის 284 სკოლიდან საკუთარ შენობაში 38 საჯარო სკოლა ვერ იწყებს.
როგორც ბრიფინგზე ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა, დაახლოებით 20 000 მოსწავლე ვერ ახერხებს საცხოვრებელ სახლთან ახლოს სკოლებში მისვლას, რის გამოც სახელმწიფო მათ ტარნსპორტირებას ახორციელებს, რაშიც დიდძალ ფულს ხარჯავს.
ჩერქეზიშვილის ინფორმაციით მოსწავლეების ტრანსპორტირებას 2026 წელს უკვე გამოცხადებულია 4 მილიონ 800 000 ლარის ტენდერები - მთლიანობაში კი ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპორტირებაზე დახარჯული თანხა გადასცდა 50 მილიონ ლარს.
თბილისის 284 სკოლიდან სასწავლო წელს საკუთარ შენობაში ვერ იწყებს 38 საჯარო სკოლა. მთლიანობაში საუბარია 20 000 მოსწავლეზე. ბუნებრივია, როცა მოსწავლეები ვერ ახერხებენ საცხოვრებელ სახლთან ახლოს სკოლებში მისვლას, სახელმწიფო ახორციელებს ამ მოსწავლეების ტრანსპორტირებას, რისთვისაც 2026 წელს უკვე გამოცხადებულია 4 მილიონ 800 000 ლარის ტენდერები. მთლიანობაში კი ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპორტირებაზე დახარჯული თანხა გადასცდა 50 მილიონ ლარს. თქვენ წარმოიდგინეთ ამ მილიონობით
ლარით რამდენი სიკეთე შეიძლებოდა მოეტანათ ამ ბავშვებისთვის, რომლებსაც წაართვეს დრო, წაართვეს შესაძლებლობები და, რაც ყველაზე მთავარია, ის უძვირფასესი წლები, რომელსაც უკან ვერ დაიბრუნებენ.ჩვენ ახლა ვდგავართ ერთ-ერთ ასეთ სკოლასთან. ეს არის მე-14 საჯარო სკოლა ნაძალადევის რაიონში, სადაც უკვე მე-5 წელია, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და ამ სკოლის მოსწავლეები დაჰყავთ კილომეტრების მოშორებით, სადაც ისინი სწავლობენ მეორე ცვლაში შეზღუდული საგაკვეთილო დროით და 5 წლის განმავლობაში ეს მოსწავლეები ვერ დადიან სპორტზე, ვერ დადიან საგანმანათლებლო წრეებზე, ვერ დადიან უცხო ენებზე, მუსიკაზე და ამ შესაძლებლობებს კარგავენ.
დღეს მე-14 საჯარო სკოლის ტენდერიც არ არის გამოცხადებული, ანუ მინიმუმ კიდევ 4-5 წელი ამ ტერიტორიაზე არ იქნება სკოლა. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, ასეთი 38 სკოლაა თბილისში და მათ შორის ნაძალადევში ასეთი სკოლებია მე-4, მე-10 მე-11, 113-ე საჯარო სკოლები. მე-13 და მე-15 საჯარო სკოლების შენობებში შესახლებულები არიან დევნილები და ამ სკოლებსაც დაკარგული აქვთ საგანმანათლებლო ფუნქცია.
როგორ უნდა ახერხებდეს განათლების მინისტრი, განათლების სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები იმას, როცა ეს ბავშვები წლიდან წლამდე წვალობენ, რომ საკუთარ კეთილმოწყობილ კაბინეტებში ქმნიდნენ მუშაობის იმიტაციას?! მათაც ზუსტად ასე, ამ მოსწავლეებივით უნდა იარონ სამარშრუტო ტაქსებით, უნდა იყვნენ შეხიზნულები სხვა შენობებში, რათა საკუთარ თავზე იწვნიონ ყველა ის ძნელბედობა, რაც ამ ბავშვებს დამართეს.
დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აქვს მმართველობითი კრიზისი და ეს მმართველობითი კრიზისი ყველაზე მძაფრად ჩანს სწორედ განათლების სისტემაში. ამიტომ, უნდა დადგეს მინისტრიდან დაწყებული განათლების სამინისტროს ყველა მაღალჩინოსნით დამთავრებული იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც განათლების სისტემა კოლაფსამდე მიიყვანეს!", - განაცხადა ბრიფინგზე ნიკა ჩერქეზიშვილმა.