გეკა გელაძე თანამშრომლებს გამოემშვიდობა - კობახიძემ სუს-ის ახალი უფროსი უწყებაში წარადგინა
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა და მას წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. წარდგენას ესწრებოდა ისევ შსს-ში პორტირებული სუს-ის ყოფილი უფროსი გეკა გელაძეც, რომელსაც კობახიძემ ასევე წარმატებები უსურვა.
- ეს არის გეკა გელაძის პირველი გამოჩენა მას შემდეგ, რაც მან ფბ-პოსტით აცნობა საზოგადოებას მისი სუს-ის უფროსობიდან წასვლის შესახებ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, ამაში თითოეული თქვენგანის წვლილი არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ღირსეული სამსახურისთვის. მე მინდა, ბატონ გეკა გელაძეს გადავუხადო უდიდესი მადლობა მისი სამსახურისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ღირსეული ხელმძღვანელობისთვის.
მინდა, ხაზი გავუსვა ბატონი გეკა გელაძის პიროვნულ თვისებებს - ის არის გამორჩეული არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ მას გამოარჩევს, პირველ რიგში, ადამიანური თვისებები, გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანია და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ბატონი თამაზ ბორაშვილი არის ამ სისტემის კარიერული წარმომადგენელი, რასაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როდესაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურები ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გროვდება განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება და ეს არის ის, რაც ძალიან დაეხმარება ხელისუფლებას ამ ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინსტიტუცია მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეს შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. მას აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება, თანმიმდევრული წინსვლა თავის კარიერაში და, რა თქმა უნდა, ასეთი თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა არ ხდება დამსახურების, განსაკუთრებული თვისებების, პროფესიონალიზმის გარეშე. სწორედ ეს თვისებები იყო ის, რაც გახდა საბოლოო ჯამში გუნდის გადაწყვეტილების საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სუსის ახლად არჩეულ უფროსს წარმატებები უსურვა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემაც. ის დღეს თანამშრომლებს გამოემშვიდობა.
„ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ იყო. იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე აისახებოდა და ის მიღწევები, სტრუქტურული, შინაარსობრივი თუ უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერება, სწორედ ამის დამსახურებაა. მინდა მივულოცო ბატონ თამაზ ბორაშვილს ახალი თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს ინსტიტუცია არის ერთი განსაკუთრებული ოჯახი, აქვს თავისი განსაკუთრებული ცხოვრების წესი, კულტურა და სწორედ ამ წიაღიდან არის ბატონი თამაზი. იგი მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა აქ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეულად გაუძღვება და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ინსტიტუციას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, თქვენთან ერთად მეკეთებინა საქმე და ამავე დროს საამაყო იყო, რომ ვხელმძღვანელობდი ამ ძალიან ძლიერ ინსტიტუციას", - განაცხადა გეკა გელაძემ.
მთავრობის მეთაურს და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა.
„პირობას ვდებ, გაორმაგებული ძალებით, ამ ძლიერ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი სამსახურის გაძლიერებისთვის, რათა უკეთესად გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უდგას გამოწვევის სახით. მინდა, პირად შემადგენლობას უდიდესი მადლობა გადავუხადო. აქ არცერთი ისეთი ადამიანი არ ზის, რომელიც ჩემთვის უცხოა. ჩვენ მრავალი წელია ერთად ღირსეულად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიდ მადლობას გიხდით ამისთვის - სრულ შემადგენლობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მადლობა ბატონ გეკას ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებას გისურვებთ ახალ გამოწვევებში", - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი თამაზ ბორაშვილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელად დაამტკიცეს.
- მას ხმა პარლამენტის 83 დეპუტატმა მისცა.
- კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსებმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.