"ქართულმა ოცნებამ" კლანური სასამართლო საბოლოოდ დაეკომპლექტა - ანა ნაცვლიშვილი
"ქართულმა ოცნებამ" კლანური სასამართლო საბოლოოდ დაეკომპლექტა"- ამის შესახებ ფრაქცია ,,ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, უზენაესის მოსამართლეოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ძალა გახდება.
პარლამენტში მმართველმა პარტიამ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას და სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლო კლანი ჩადიოდა ხელისუფლებაში მოსვლამდე და 2012 წლის შემდეგაც. ჩვენ დემარშის ნიშნად დავტოვეთ ეს პროცესი, რომელიც არის არალეგიტიმური და მთელი მსოფლიო, ქვეყნის შიგნით თუ ვინმეს საკითხი ესმის და გარეთ, ყველა ერთხმად ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, ჩატარებულიყო შეფასება აქამდე ჩატარებული პროცესის, შემდეგ მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით მოსამართლეთა განწესება"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ,,ოცნება" ტყუის, როცა ამბობს, რომ ოპოზიციას არც ერთი წინადადება არ წარმოუდგენია.
არის კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია ,,ლელომ" და ,,მიშელის რეფორმების ჯგუფმა" ერთად შევქმენით, ის ითვალისწინებს ქართულ რეალობას და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, როგორ უნდა ვებრძოლოთ უსამართლო სასამართლოს და როგორ უნდა შეირჩნენ მოსამართლეები, რომ მათ ჰქონდეთ საზოგადოების და არა მმართველი პარტიის მაღალი ნდობა. ეს კანონპროექტი ჯერ წარვადგინეთ სამუშაო ჯგუფში, იყო სრული იგნორი. შემდეგ ჯერ კიდევ პირველ საქტემბერს დავაინიცირეთ ოფიციალურად. პასუხი,,ოცნებიდან" იყო კანონპროექტის განხილვის ორჯერ გადადება. ეს კანონპროექტი საშუალებას იძლევა, ,,ქართული ოცნების" პირობებშიც კი უზენაესი სასამართლო მაინც საზოგადოებისთვის სანდო, მაღალი რეპუტაციის მოსამართლეებით დაკომპლექტებულიყო. ამაზეც არ მოდის ,,ქართული ოცნება", ამიტომ ჩვენ ეს პროცესი დავტოვეთ.
ღმერთმა შეარგოთ ეს კლანური სასამართლო, რომელიც გადმოიბარეს წინა ხელისუფლებისგან, რომელსაც ყველაფრის ფასად ინარჩუნებენ, რადგან ეს სასამართლო არის მათი ძალაუფლების ერთ-ერთი ფორპოსტი დღეს - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.