არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - კობახიძე
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველო მოქმედებს დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად.
ჩვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმებს, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, როდესაც კონკრეტული ინსტიტუტები და სახელმწიფოები აწესებენ ასეთ სანქციებს, მივიღეთ ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ჩვენ ვითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს. ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი. ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-მ 27 ირანული ავიაკომპანიის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დასანქცირებულ ავიაკომპანიას შორის არიან Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines და Varesh Airlines, რომლებიც თბილისის მიმართულებითაც ასრულებენ რეისებს.
ახალი შეზღუდვები „ოპერაცია ეკონომიკური მოკვეთის“ ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი ცდილობს ირანს შეუზღუდოს ფინანსური რესურსები, სანქციების გვერდის ავლის არხები და ის სექტორები, რომლებსაც, აშშ-ის შეფასებით, თეირანი რეჟიმისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხარდასაჭერად იყენებს.