"ძლიერ საქართველოში" სპეცსაჭიროების მქონე ბავშვების უფლების დარღვევაზე საუბრობენ და სპეცმასწავლებლების გაზრდას ითხოვენ

17.09.26 14:11
"ძლიერ საქართველოში" სპეცსაჭიროების მქონე ბავშვების უფლების დარღვევაზე საუბრობენ და სპეცმასწავლებლების გაზრდას ითხოვენ

 

 

"ლელო - ძლიერ საქართველოში" სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების უფლების დარღვევაზე ბრიფინგი გამართეს - როგორც ვატო სურგულაძემ განაცხადა, სკოლებში 14 ათასამდე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეზე მხოლოდ 2500 სპეცმასწავლებელია გამოყოფილი, რაც მისი თქმით, არასაკმარისია. 

სურგულაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში ათასობით სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვისთვის სკოლა რეალურად არ არის თანაბარი შესაძლებლობის სივრცე.

"ეს არ არის უბრალოდ განათლების სისტემის ხარვეზი, ეს არის ბავშვის ფუნდამენტური უფლების დარღვევა!" - აცხადებს პოლიტიკოსი და  განათლების სამინისტროსგან სპეცმასწავლებლების გაზრდას ითხოვს.

ინკლუზიური განათლება საქართველოში მხოლოდ ფურცელზე დაწერილი უფლებაა. 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს 14 ათასამდე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს, სისტემას კი მათთვის მხოლოდ 2500 სპეცმასწავლებელი ჰყავს გამოყოფილი, ანუ 6 მოსწავლეზე 1 მასწავლებელი მოდის რაც, რა თქმა უნდა, არასაკმარისია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ის 1 მასწავლებელიც კი პრობლემა ხდება. 
ამის მიზეზი, გარდა პროფესიულად გადამზადებული კადრების არარსებობისა, შრომის ანაზღაურებაა, რადგანაც სპეცმასწავლებლები ბავშვების რაოდენობის მიხედვით იღებენ ანაზღაურებას. 

საქართველოს განათლების სისტემა არა სპეციალურ საჭიროებათა მქონე ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, არამედ  არსებული რესურსის დეფიციტზეა მორგებული, რის შედეგადაც ზარალდება სპეცსაჭიროების მქონე ბავშვი და მისი მომავალი, რომელიც სწორედ სასკოლო ასაკში ფორმირდება.

დღეს საქართველოში ათასობით სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვისთვის სკოლა რეალურად არ არის თანაბარი შესაძლებლობის სივრცე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფილია, თუმცა რეალობა სულ სხვაა - სკოლებში არ არის საკმარისი სპეციალური მასწავლებელი და პერსონალური ასისტენტები, არ არის სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურა და ბავშვებს ხშირად არ აქვთ საჭირო სასწავლო რესურსებზე წვდომა.

ყველაზე მძიმე პრობლემა კი ადამიანური რესურსის დეფიციტია. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს განათლების მიღების სურვილი და შესაძლებლობა, მაგრამ შესაბამისი სპეციალისტის არყოფნის გამო, სრულფასოვნად ვერ ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

ეს არ არის უბრალოდ განათლების სისტემის ხარვეზი, ეს არის ბავშვის ფუნდამენტური უფლების დარღვევა! 

ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი განათლება თანატოლებთან ერთად, ღირსეულ და მის საჭიროებებზე მორგებულ გარემოში.

ჩვენ მოვითხოვთ, განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სკოლები საკმარისი რაოდენობის სპეციალური მასწავლებლებითა და ასისტენტებით, გააუმჯობესოს მათი ანაზღაურება და შექმნას რეალურად ინკლუზიური გარემო.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის განათლება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, იპოვის თუ არა სკოლა სპეციალისტს.

მსგავსი სიახლეები