გვაქვს ეჭვი, რომ არბიტრაჟში წაგებული დავების უკან წინასწარ განსაზღვრული სქემაა, რომელიც "ოცნებაში" კორუფციის უდიდესი წყაროა - დათუნაშვილი
"ლელო-ძლიერ საქართველოში" ეჭვი აქვთ, რომ "ოცნების" საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული დავების უკან "წინასწარ განსაზღვრული სქემაა, რომელიც "ოცნებაში" კორუფციის უდიდესი წყაროა".
- საუბარია ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც „ნამახვანჰესის” შეჩერებისათვის საქართველოს თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დაევალა.
როგორც ბრიფინგზე თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე დავა მიმდინარეობს.
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება - ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ.
ვისკენაც არ უნდა გაიშვიროს თითი კობახიძემ, იმ მოცემულობას რომ "ოცნება" მიზანმიმართულად მავნებლობს უცხოელ ინვესტორებთან კონტრაქტების გაფორმებისას, ვერაფერი შეცვლის!კომპანია "მაგთისთან" "ოცნებას" 154 მილიონი დოლარი აქვს არბიტრაჟში წაგებული, კომპანია "ინტერრაოსთან" 112 მილიონი დოლარი და თურქულ კომპანია „ენკასთვის“ გადასახდელი აქვს 400 მილიონი დოლარი. მხოლოდ ეს სამი ჩაშლილი პროექტი ქართველ ხალხს მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება.
„ენკას“ შემთხევაში ივანიშვილის რეჟიმმა ჯერ ხელი მოაწერა სრულიად გაურკვეველ და დაუსაბუთებელ პროექტს, რომლის განხორიციელების ლეგიტიმაციაც მას არ გააჩნდა, შემდეგ კი უკან დაიხია, რის ფასსაც საქართველოს მოქალაქეები და ქართული სახელმწიფო გადაიხდიან.
400 მილიონი დოლარი 1 მილიარდ ლარზე მეტია. ეს არის თანხა, რომლითაც სრულად შეიძლებოდა დაფინანსებულიყო მაგალითად, სკოლებში უფასო კვების პროგრამა, ეს არის თანხა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა პენსიის 92 ლარით ზრდა 1 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი საარბიტრაჟო დავა, რომელიც საქართველომ ივანიშვილის რეჟიმის გამო წააგო. საქართველომ ასევე უნდა გადაიხადოს რუსულ Inter Rao-სთან არბიტრაჟის წაგებისთვის დაკისრებული 112 მილიონი დოლარი.
გარდა ამისა, საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე დავა მიმდინარეობს, რაც საქართველოს ბიუჯეტისთვის დამატებითი ფისკალური რისკების წყაროა.
რაც მთავარია, ასეთი დავების წაგება იწვევს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განადგურებას და ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას. მათ შორის, სწორედ ამიტომ ვერ იქმნება სამუშაო ადგილები, ვერ იზრდება პენსია, რეკორდულად იზრდება ფასები და სკოლაში ბავშვებს შიათ...
2026 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.2%-ით შემცირდა და ასეთი საარბიტრაჟო დავების წაგება ისედაც რეკორდულად შემცირებული ინვესტიციების რაოდენობას მინიმუმადე დაიყვანს!
ეს არის „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგი და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ არბიტრაჟში წაგებული ყველა დავის უკან არის კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული სქემა, რომელიც "ოცნებაში" ელიტური კორუფციის უდიდესი წყაროა და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სწორედ ასეთი კრიმინალური ხელშეკრულებების გამოძიება იქნება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. .