ცხინვალი სირიის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების საკითხზე ფონ დერ ლაიენის პოზიციას „პოლიტიკურ შანტაჟად“ აფასებს
ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების საკითხს დააყენებს. დე ფაქტო უწყება ამას სირიაზე „პოლიტიკურ შანტაჟად“ და „სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევად“ აფასებს.
„ასეთ განცხადებებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად და დამოუკიდებელი ქვეყნების შიდა საქმეებსა და სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევად მივიჩნევთ“, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
ცხინვალში ასევე აცხადებენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი „დემოკრატიისა და ტრადიციული ევროპული ღირებულებების საფუძვლებს ანულირებს“ და ევროკავშირს „ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაში“ ადანაშაულებენ.
„სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებმა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის უფლება სისხლის ფასად და უდიდესი დანაკარგებით დაიცვეს, არჩევანი უკვე გააკეთეს და ქალბატონ ფონ დერ ლაიენისა და ევროპის კარნახი არაა საჭირო, როგორი უნდა იყოს მათი მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს.