მსგავსი ჯარიმებით და დაკავებებით ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტების დაშინებას ცდილობს - გიგი უგულავა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ამბობს, რომ მოსამართლე ციცინო როხვაძის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, რადგან სასამართლო და "ქართული ოცნება" ტანდემში მოქმედებენ. უგულავას თქმით, ხელისუფლება მსგავსი გადაწყვეტილებებით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი. დიდი ხანია ესენი ტანდემში ერთიან რეჟიმს წარმოადგენენ და ნოტარიალურ კანტორად არის გადაქცეული ეს ყველაფერი. 3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, გამოვიდა, რომ მარნეულის კაპეზე 1500 ლარი გამოვიდა, ერთი კაი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხელისუფლება ცდილობს, რომ აი, ასეთი დაჯარიმებებით, დაკავებებით დააშინოს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აბსოლუტური სიბრიყვეა ეს. რაც უფრო მეტს დაიჭერენ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი, - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილის თქმით, სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არცერთი არგუმენტი მხედველობაში არ მიიღო. უფლაბდამცველი გადაწყვეტიელების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად. არ იქნა გათვალისწინებული არცერთი ძალიან მყარი არგუმენტი დაცვის მხრიდან წარდგენილი, რომ აქ არ იყო გზის გადაკეტვა კანონდარღვევა, ვინაიდან შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონით თუკი რაოდენობა მომიტინგეების აჭარბებს იმ რაოდენობას, სადაც მაგალითად, ფეხით სავალ ბილიკზე შეუძლებელია აქციის განთავსება, ეს უკანონობად არ ითვლება. ჩავიბარებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ, თუმცა ერთმნიშვნელოვანდ შემიძლია ვთქვა, ეს არის ტენდენცია, ეს არსი ხელსუფლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტი, რომ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები დააშინონ, - განაცხადა კონდახაშვილმა.