საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრად შემცირდა - რას ამბობს ოპოზიცია
საარსებო შემწეობის მიმღებთა მკვეთრ შემცირებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოციალური დახმარების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირებენ. მათი შეფასებით, ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა და შემცირება საარჩევნო პერიოდებს ემთხვევა და ხელისუფლება სოციალურ დახმარებას მოქალაქეებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს.
"ძლიერი საქართველოს" წევრი ოთო ფარულავა ამბობს, რომ ბენეფიციართა რაოდენობის ასეთი მასშტაბით შემცირება დამატებით განმარტებას საჭიროებს. მისი შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება კითხვა — წლების განმავლობაში დახმარებას უსაფუძვლოდ იღებდნენ ადამიანები თუ, პირიქით, სისტემის მიღმა რჩებოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც შემწეობა რეალურად სჭირდებოდათ.
მსგავსი ტიპის შემცირება საჭიროებს განმარტებას, რადგან, ესე იგი, მანამდე ეს ადამიანები უსაფუძვლოდ იმყოფებოდნენ ამ ბაზაში ან ის ღარიბი ადამიანები, რომლებიც ელოდებოდნენ სოციალურ შემწეობას, არ იმყოფებოდნენ ამ სიაში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ "ქართული ოცნება" ყოველ წინასაარჩევნოდ იყენებს მათ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად, რათა მოეხდინონ ადამიანებზე ზეწოლა და შეაცვლევინონ მათ პოლიტიკური არჩევანი, ამიტომ "ქართული ოცნება" მანამ, სანამ არის ხელისუფლებაში და ძალაუფლებაშ ამ სისტემის პოლიტიკურ მექანიზმად გამოყენებას არ შეეშვება და არ მიატოვებს, - ამბობს ოთო ფარულავა.
ცოტნე კობერიძე სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირებას საარჩევნო ციკლს უკავშირებს. მისი შეფასებით, არასაარჩევნო პერიოდში ბაზა მცირდება, არჩევნების მოახლოებისას კი სოციალური დახმარება კვლავ პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად იქცევა.
საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა და არა მარტო საქართველოში, ხშირად პოლიტიკურ იარაღად არის და ეს ჩემთვის მიანიშნებს, რომ არანარი ვადამდელ არჩევნებზე "ქართული ოცნება" არ ფიქრობს, შესაბამისად, მათ ამ კუთხით ეს ნაწილი არარ აინტერესებდათ, საარჩევნოდ ეს ბაზები გაიზრდება, არასაარჩევნო პერიოდში შემცირდება. ანალოგიური ხდება ხოლმე პატიმრებთან მიმართებაში, ჩვენ ვიცით, რომ იჭერენ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში, მაგრამ წინასაარჩევნოდ მერე ხდება მათთან ვაჭრობა. გაბერილი იყო (სიები) და არ იყო მიმართული იქითკენ, რომ ადამიანი ამოვიდეს გაჭირვებიდან, - ამბობს ცოტნე კობერიძე.
ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა კი აცხადებს, რომ სოციალური შემწეობის დანიშვნა და მოხსნა ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო რესურსის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, ბენეფიციართა შემცირებით ხელისუფლება ამავე დროს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების არგუმენტის გამყარებას ცდილობს.
სინამდვილეში, "ქართული ოცნება" არიგებს სოცდახმარებებს, არჩევნების შემდეგ კი უხსნის ადამიანებს შემწეობებს. ეს რას მიანიშნებს? რომ პოლიტიკური მიზნით, პარტიული მიზნით იყენებს სახელმწიფო რესურსებს, ადმინისტრაციულ რესურსებს, მაგრამ ამ მანიპულაციით ცდილობს, რომ რაღაც ტიპის არგუმენტი მოიპოვოს და უმტკიცოს სოფისტურად საზოგადოებას, რომ ეკონომიკა იზრდება, - ამბობს ლაშა ფარულავა.
აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.
შემწეობის მიმღებთა შორის 153 258 ადამიანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული. პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა სისტემაში რჩებიან ის პირები, რომლებსაც ოთხწლიანი პერიოდი ჯერ არ დაუსრულებიათ.
პარალელურად, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემებს ამოწმებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ივნისში პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, იმ დროისთვის შემოწმებული 40 225 ოჯახიდან სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა - 56.4%-ს. მთავრობის შეფასებით, ამან დაახლოებით 54.7 მილიონი ლარის ეკონომია გამოიწვია.
კობახიძის განცხადებით, გადამოწმების პროცესი გაგრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების შესწავლაა დაგეგმილი.