ოკუპანტთან წაგებული დავა - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ოპოზიცია საქართველოს სახელმწიფოს მიერ რუსეთთან წაგებულ დავას კახი კალაძის კორუფციულ ინტერესებს და მისი მინისტრობის დროს გაფორმებულ ბუნდოვან ხელშეკრულებებს უკავშირებს. ოპოზიციის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებას და დამნაშავე პირების, მათ შორის კახა კალაძის, დასჯას ითხოვენ.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ კალაძის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების გამო მოსახლეობა დაზარალდა.
ჩვენ დღესაც ვიმკით კალაძის მინისტრობის დროს სამარცხვინოდ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგებს და 80 მილიონი დოლარი უნდა გადავუხადოთ ოკუპანტს და ჩვენმა ქვეყანამ ამით მიიღო სერიოზული ზიანი. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ხდებოდა იქ ხელშეკრულებების დამალვა.
შეიძლება არსებობდეს კონკრეტული კორუფციული ინტერესი, რომლის უკანაც შეიძლება იდგეს დედაქალაქის მოქმედი მერი", - ამბობს საბა ბუაძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე კახი კალაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
ძალიან ძვირი გვიჯდება ივანიშვილის, კალაძის და სხვა ჩინოვნიკების ცინიკური ტყუილები. უნდა დადგეს კალაძის და სხვების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ პასუხი უნდა აგონ საზოგადოებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის გამო", - ამბობს ირაკლი აბესაძე.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ ენერგოგიგანტთან, "ინტერ რაოსთან", სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო. საქმე ეხება კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდის საქმეს, რა დროსაც საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა. დავა 2017 წელს დაიწყო. ინტერ რაო 2 ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის ენერგეტიკული კომპანია თელასის 75%. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურების ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა ტარიფების საკითხს. "ინტერ რაოში" ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა დააზარალა, რომელიც 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა. "ინტერ რაოესმა" საქართველოს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით 2016 წელს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
ოკუპანტი რუსეთი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს დამატებითი ჯარიმების ამოქმედებით ემუქრება.