საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

22.09.26 10:15
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა - შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფოrმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ დევიდ ადეანგმას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის.

საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილმაც. ის ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ბოჭორიშვილმა ბოლივიელ კოლეგას არჩევნების შედეგები და თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა.