"ღარიბაშვილი იტყუება....ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება" - "ოცნების" წევრი

22.09.26 12:22
"ღარიბაშვილი იტყუება....ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება" - "ოცნების" წევრი

"ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილზე პირველი შეფასებები კეთდება - ირაკლი ჭეიშვილი ყოფილ პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ "ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება".

"ამ ქვეყანაში მარტო ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა მაშინ ზეწოლა?!" - უთხრა დღეს ჟურნალისტებს ჭეიშვილმა. 

ოცნების დეპუტატისთვის განსაკუთრებით სამწუხარო ღარიბაშვილის წერილის ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც ყოფილი პრემიერი მმართველს გუნდს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებს. 

სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩვენ გვამსგავსებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ის ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ პრემიერ-მინისტრი იყო და მაშინ არ ვგავდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ვგავართ?! ეს არასწორი შეფასება და არასწორი მიდგომაა. ზოგადად, ეს სპეკულაციები უნდა დაასრულოს. ყოველ კვირას ერთი და იგივე შინაარსის წერილებს აქვეყნებს. გავიგეთ რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, სად არის და რა განცხადებებს აკეთებს. ჩვენგან ღალატი მის მიმართ არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე აღიარა ის ბრალი, რაც პროკურატურამ წარუდგინა.

არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულება და ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება. რა თქმა უნდა, იტყუება ირაკლი ღარიბაშვილი. გადადგომის შემდეგ რომ ეგ განცხადება გაკეთებინა კიდევ შეიძლებოდა სარწმუნო ყოფილიყო, მაგრამ არ ფიქრობდა ასე, იმიტომ რომ ასე არ იყო. ამ ქვეყანაში მარტო ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა მაშინ ზეწოლა?!,“ -განაცხადა ჭეიშვილმა.

პატიმრობაში მყოფმა ექს-პრემიერმა, გუშინ ციხიდან სკანდალურ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს და "ოცნებას" ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.

„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.

ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს - ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.

მსგავსი სიახლეები