"რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა" - პროკურორი
მასწავლებლის მკვლელობის საქმის პროკურორის თქმით, "რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა".
ქეთევან სონიძის თქმით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც ბრალდებული ნია იმნაძის დანაშაული დასტურდება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები წარვადგენთ შესავალ სიტყვებს. შესავალ სიტყვაში საუბარი იქნება ჩვენს გეგმებზე თუ რა მტკიცებულებებს წარმოვადგენთ და რით დავადასტურებთ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. დაცვის მხარეც, ბუნებრივია, ამაზე გაგვცემს პასუხს და შემდგომ დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა.
საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ორივე ბრალდებულის მხრიდან. ეს არის, პირველ ყოვლისა, ინფორმაცია, რომელიც სხვა მსჯავრდებულებისა და ამ ბრალდებულთა მობილური ტელეფონებიდან გამოვითხოვეთ, ეს არის ინფორმაცია შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის სახით და მოწმეთა ჩვენებები.
საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან, ვითომდა, არასათანადო ქცევის შესახებ. აღნიშნული არასწორად იქნა აღქმული მის მიერ და შემდგომ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება ალექსანდრე გაბაშვილის მხრიდან. საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა.
27 წლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა.
- იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება ანასტასია ბერუაშვილს მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
გიგა ავალიანის საქმეზე 7 პირია დაკავებული: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი არიან დაკავებულები.