ძალიან განვიცდი! - მიხეილ სააკაშვილის ბოდიში ინგა გრიგოლიას
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბოდიში ინგა გრიგოლიას - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის შემდგომი პერიოდი გაიხსენა, როცა ტელეკომპანია ,,იმედში" სამართალდამცველების შევარდნით ჟურნალისტს სტრესი მიადგა.
მეც მქონდა მძიმე ტრავმა, რაზეც შემდგომში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე - თქვა მესამე პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ 7 ნოემბრის ამბებმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ ხანგძლივი მკურნალობა დასჭირდა.
აქ, პროცესზე, ვუყურებ ინგა გროგოლიას, რომელმაც ამას წინათ ისაუბრა 7 ნოემბერზე, თქვა იმაზე, რომ როცა პოლიცია შევიდა იქ (ტვ იმედში) მან დიდი სტრესი განიცადა და მოხვდა კლინიკაში.
რამდენიმე დღის შემდეგ, მე მივეცი ინეტრვიუ ინგას, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან განვიცდი, მას რომ ასეთი სტრესი მიადგა, ისევე როგორც სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მაღალი სიცხე, იმ პერიოდში, როცა ინტერვიუ მივეცი. ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა, განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც შემდგომში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე.
მინდა, ეს იცოდეს ინგამ - ამ ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ ბრალდებაში მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ, ბოტოქსი ჰქვია იმას, გერმანელი ექიმი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას - განაცხადა ე.წ. პიჯაკების პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.